Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Sunday of the Publican and the Pharisee

მეზვერისა და ფარისევლის კვირა

24/02/2013

მართლმადიდებელი ეკლესია 24 თებერვალს მეზვერისა და ფარისევლის კვირას აღნიშნავს. ამ დღეს ეკლესია წირვაზე წმიდა სახარებიდან მეზვერისა და ფარისევლის შესახებ (ლუკა 14, 12-14) იგავს იხსენებს, თუ როგორ ისმინა ღმერთმა ლოცვა ყოვლად უღირსი ადამიანის, გადასახადების ამკრეფის, მეზვერესი. შეიწყალა იგი და სინანულის გამო დააყენა უფრო წინ, ვიდრე ფარისეველი. ამ იგავის გახსენებით ეკლესია მორწმუნეებს სინანულისკენ მოუწოდებს.

სახარება ლუკასაგან (18, 10-14)

„10. თქუა უფალმან იგავი ესე: ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა მას: ერთი ფარისეველი და ერთი მეზუერე. 11. ფარისეველი იგი წარდგა და ამას ილოცვიდა თჳსაგან: ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი, მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზუერე, 12. ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა. 13. ხოლო მეზუერე იგი შორს დგა და არა იკადრებდა თუალთაცა ზე ახილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას. 14. გეტყჳ თქუენ: გარდამოვიდა ესე განმანათლებული სახედ თჳსა, ვიდრე ფარისეველი იგი, რამეთუ ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს.“

მეზვერისა და ფარისევლის კვირა

ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო!

დღეს უფლის ტაძარში კვლავ შედიან ცოდვილი მეზვერე და ფარისეველი. ტაძრის წინა ნაწილში ამაყად მდგომი ფარისეველი კვლავ იმეორებს ნაცნობ სიტყვებს: „გმადლობ შენ ღმერთო, რამეთუ არა ვარ როგორც სხვა, მტაცებელი და მემრუშე, როგორც მეზვერე. კვირაში ორგზის ვმარხულობ და მონაგებისაგან ვწირავ მეათედსო“. უკან მდგარი მეზვერე კი კვლავინდებურად ზევით ახედვასაც კი ვერ ბედავს თავისი ცოდვილი მდგომარეობის გამო, მკერდზე იცემს ხელს და თვალცრემლიანი ამბობს: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსაო. უფალი ისმენს ორივეს ვედრებას: ვედრებას იმ ადამიანისას, რომელიც გარეგნულად იცავს ღვთის მცნებას, მარხულობს ზომაზე მეტს და მეათედსაც სწირავს თავისი მონაგებისას შემოქმედს და ვედრებას ცოდვილი ხარკის ამკრეფისას, რომელსაც თავად კარგად შეუგნია თავისი უღირსი მდგომარეობა და შეწყალებას თხოულობს ღვთისაგან. ღმერთი ხედავს ორივეს გულს, შემუსვრილსა და დამდაბლებულ გულს მეზვერისას და სხვათა განმკითხველ, ქედმაღალ გულს ფარისეველისას. გულთამხილავი და პირუთვნელი მსაჯული ამართლებს ცოდვილ მეზვერეს, ფარისევლის ქედმაღლობას კი არ იწირავს. ფარისეველმა ტაძარში რაც შეიტანა, ისევ ის გამოიტანა, ცოდვილმა მეზვერემ კი სინანულის ცრემლით მოპოვებული მადლი ღვთისა შეიძინა. ჰოი, საკვირველი მართლმსაჯულება უზენაესისა! ყოველთა შემწყნარებელმა არ შეიწყნარა ის, რომელიც თითქოს, უნდა შეეწყნარებინა, კაცი ცოდვილი და მტაცებელი კი გაამართლა. უფალმა გაამართლა ცოდვილი, რადგან შეინანა. სხვათა განმკითხველი და დამამდაბლებელი ფარისეველი კი არ შეიწყნარა. ასე რომ, ტაძრიდან გამართლებული მეზვერე გამოვიდა.

ღვთის წინაშე გამართლდა ძალზე ცოდვილი კაცი, მაგრამ როგორ? რა გზით? როგორ და გულწრფელი სინანულით, რა გზით და თავის დამდაბლებით. აი რას გვასწავლის, ძმანო, მაცხოვარი ქვეყნისა, აი საითკენ მოგვიწოდებს ყველას წმიდა ეკლესია.

საყვარელნო ძმანო, ჩვენ, ამ წმიდა ტაძარში მდგომნი, უხილავად ვემსგავსებით იგავში მოხსენიებულ მეზვერესა და ფარისეველს. მეზვერეს უმეტესად ვემსგავსებით ცოდვებით, უწესო ცხოვრებით, ფარისეველს კი ქედმაღლობით და ფარისევლობით. ჩვენც, მეზვერის მსგავსად, ხშირად უსამართლოდ ვეკიდებით ადამიანებს, ვითხოვთ მათგან კუთვნილზე მეტ სითბოსა და სიყვარულს, ყურადღებასა და პატივისცემას, რითაც ვაყენებთ მათ ტკივილსა და მწუხარებას. ეს ვიცით ჩვენ და მაინც სხვას იმაზე მეტსა ვთხოვთ, ვიდრე ვიმსახურებთ. განა ჩვენ ამ უკანონო მოთხოვნებით იგივეს არ ვაკეთებთ, რასაც ცოდვილი მეზვერე? განა ჩვენ სხვათა გულის ტკენით არ ვტკენთ გულს ყველას შემოქმედ უფალ ღმერთს? ჩვენ ძმანო, ვემსგავსებით მეზვერეს ცოდვებითა და უსამართლობით, უნდა მივემსგავსოთ კი სინანულითა და თავის დამდაბლებით. რატომ გვავიწყდება ოქროს კანონი სახარებისა? „ყოველი რომელი გინდეს თქვენ, რაითა გიყონ კაცთა, ეგრეთცა თქვენ ჰყავთ მათდა მიმართ“ (მთ. 7, 12). ე.ი. რასაც სხვისგან მოითხოვ, ის უნდა მიაგო მასო. როგორც გინდა, რომ სხვები მოგექცნენ, ისე მოექეცი შენც მათო. გულს ძმაო, არ ატკენ სხვას, თუ შენ თვითონ იცი რა არის გულისტკენა. არ დაამდაბლებ სხვას, თუ წარმოგიდგენია შენი უსამართლო დამდაბლება და გაკიცხვა. ცილს არ დასწამებ სხვას, თუ ოდნავ მაინც წარმოიდგენ შენს თავს წამებულად.

თუ ეს ყოველივე იცი და მაინც სცოდავ - არ გეშინია ღვთისა? არ გეშინია უზენაესი წყრომისა, უსაშინლესი რისხვისა და უბედურებისა, თავს რომ შეიძლება დაგატყდეს ღვთისაგან? რატომ არ მოდიხარ გონს, რატომ შენც მეზვერესავით არ იცემ გულზე ხელს, არ აფრქვევ სინანულის ცრემლებს და არ გამოითხოვ შეწყალებას ღვთისაგან? რატომ არ ჩაუვარდები ფეხქვეშ შენს მიერ უსამართლოდ გაკიცხულთ და დამდაბლებულთ და არ სთხოვ პატიებას? არ იცი, რომ სტუმარნი ვართ ამ წუთისოფლისა და რაც კიდევ შეიძლება მოვასწროთ დღეს, ხვალ იქნებ გვიან იყოს? დაეშურე ძმაო სინანულს შენსას, რომ მოწყალე მამამ, რომელიც ცოდვილსა სწყალობს და დაცემულს აღადგინებს, შეგიწყალოს შენც და მეზვერესავით გაგამართლოს.

ფარისეველს, ძმანო, ჩვენ კიდევ უფრო მეტად ვემსგავსებით, ვიდრე მეზვერეს: ფარისეველია კაცი ტაძარში სალოცავად შესული და სინამდვილეში არამლოცველი. ფარისეველია კაცი სიწმინდის მსახური და თავად სიწმინდეს დაშორებული. ფარისეველია კაცი ჭეშმარიტების მასწავლებელი და თავისი ცხოვრებით ჭეშმარიტების უარმყოფელი. ფარისეველია კაცი ვითომ პატიოსანი და სინამდვილეში ათასი სისაძაგლისა და ბოროტების მატარებელი. ფარისეველია კაცი სულიერ ცხოვრებას შეყენებული და სინამდვილეში კი ქვეყნიურ ამაოებას დამონებული. საბრალოა, ძმანო, კაცი, ვისი სახელიც აღემატება საქმეს მისას. ტაძარში მდგომი ფარისეველიც აღასრულებდა სჯულს, მარხულობდა და ღმერთს შესაწირავ ძღვენსაც სწირავდა, მაგრამ ამას აკეთებდა გარეგნულად, სხვათა მოსაჩვენებლად. მისი ლოცვა და მარხვა, მთელი მისი მოღვაწეობა არ წარმოადგენდა შინაგან მოთხოვნილებას. იგი იმიტომ კი არ მარხულობდა კვირაში ორგზის, რომ სული სთხოვდა ამას, ანდა მონაგებისაგან მეათედს იმიტომ კი არ სწირავდა ღმერთს, რომ ამით სულს ახარებდა, არამედ ამას იგი აკეთებდა სხვების დასანახად, რომ ხალხის თვალში ამაღლებულიყო და ღვთის მოშიში კაცის სახელი მოეპოვებინა. მოჩვენებითმა სიმაღლემ ფარისეველს ქედმაღლობა შესძინა, რამაც დასცა იგი, რადგან მოყვასი განიკითხა და დაამდაბლა. ასეთია ხვედრი ჭეშმარიტებას დაშორებული ადამიანისა. სჯულის მხოლოდ გარეგნულმა შესრულებამ არ შეიძლება სიკეთე მოუტანოს ადამიანის სულს. შინაგან სითბოსა და სიყვარულს მოკლებული სათნოება კაცისა ბრმაა და ზიანის მომტანი. სწორედ ამ სიბრმავემ გაამეტებინა ურიებს ძე ღვთისა - იესო მაცხოვარი.

ამიტომ საყვარელნო ძმანო, გლოცავთ და გევედრებით, განვეშოროთ სამარცხვინო სენს ფარისევლობისას და შევიძინოთ ჭეშმარიტი სიმდაბლე და სინანული მეზვერისა, რომ მივიღოთ გამართლება ღვთისგან, რომლისა არს დიდება და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

1983 წ. სამთავრო

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced