სიახლეები
საკვირაო ქადაგება
04/02/2013
3 თებერვალს ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა.
უწმიდესის თქმით, უფალი ყველაფერს ხედავს და ადამიანებმა სიკეთის კეთება უნდა იჩქარონ.
“უნდა ვაკეთოთ სიკეთე და ისეთი საქმე, რომელიც საჭიროა არა მარტო ჩვენთვის, არამედ – ერისთვის. ხშირია, როდესაც ადამიანს ერი ავიწყდება, ფიქრობს მხოლოდ საკუთარ სკამსა და თანამდებობაზე, საკუთარ კეთილდღეობას უფრო მაღლა აყენებს და მას ერის კეთილდღეობას ანაცვალებს. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ დაკვირვებული. არსებობს ფართო და ვიწრო გზა, ვისაც უნდა იაროს ფართო გზით, ის ვერ მივა სასუფეველში”, – ბრძანა უწმიდესმა.
პატრიარქმა უფალს შესთხოვა, მიანიჭოს ერს “განცდა ცოდვათა თვისთა და გული გონიერი”, რათა შეძლოს გარჩევა, სად არის კეთილი და სად ბოროტი.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი ბედნიერია, თუმცა ამ ბედნიერებას ვერ ხედავს.
“ხშირად ადამიანს გააჩნია მძიმე ჯვარი და ღვთის წყალობით ადვილად ატარებს თავის ჯვარს. მეცნიერები ამბობენ, რომ სამი რამ აფუჭებს და რყვნის ადამიანს: დიდება, ანუ დიდი თანამდებობა, სიმდიდრე და სილამაზე. ჯავახიშვილი ამბობს, რომ თამარ მეფეს სამივე ჰქონდა და ის გახდა წმიდანი. ეს წუთისოფელი ცდილობს დაიჭიროს ადამიანი ფულით, თანამდებობით და სხვა საშუალებებით, მაგრამ ადამიანი უნდა ხედავდეს, სად არის კეთილი და სად ბოროტი, სად არის საფრთხე”, – ბრძანა უწმიდესმა.
მისივე თქმით, ბედნიერი ადამიანი არის ის, ვინც მორწმუნეა, მოსიყვარულეა, ცხოვრობს მომავლისა და ღვთის იმედით და ადამიანებს ენდობა.
უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა, რომ 2013 წელი საიუბილეო წელია, რადგან მეცნიერების მოსაზრებით, წელს თამარ მეფის გარდაცვალებიდან 800 წელი სრულდება.
“არსებობს სხვა მოსაზრებებიც, თუმცა მეცნიერთა უმეტესობა ასე მიიჩნევს, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ წელს თამარ მეფის წელი დაერქვას. წმიდა თამარ მეფე შეეწიოს სრულიად საქართველოს, გაამთლიანოს და გაახაროს ქვეყანა და ყოველი ადამიანი”, – აღნიშნა უწმიდესმა.
ქადაგების დასასრულს უწმინდესმა ტრადიციულად რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა და რამდენიმე გვარი დალოცა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















