სიახლეები
კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვა საერთაშორისო ფონდის პრემიის გადაცემის ცერემონიაზე
24/01/2013
“თქვენო უწმინდესობავ, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქო, თქვენო აღმატებულებავ, ლიბანის პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, რუსეთის ფედერაციის სარკინიგზო გზების პრეზიდენტო, მღველთმთავარნო, მოძღვარნო, ქალბატონებო და ბატონებო!
მომეცა შესაძლებლობა სიყვარულით მოგესალმოთ ყველას. როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენი შეხვედრის მიზეზი არის ის ფაქტი, რომ მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საერთაშორისო ფონდმა, რომელსაც ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, მ.ვ.ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვალერი არკადის ძე ალექსეევი ხელმძღვანელობს, პრემიით დამაჯილდოვა. ეს ფონდი მთელ მსოფლიოში კარგადაა ცნობილი მშვიდობისმყოფელი მოღვაწეობით; ფონდის მიერ დაჯილდოებულნი იყვნენ ცნობილი პოლიტიკური, რელიგიური და კულტურული მოღვაწეები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს მართლმადიდებლობის და ზოგადად ქრისტიანობის განვითარებასა და განმტკიცებაში. დღეს, როდესაც ამ პრემიას ვიღებ, მას მივიჩნევ არა როგორც ჩემი ღვაწლის შედეგს, არამედ როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართველი ხალხის დამსახურებას, რომელმაც, მიუხედავად კომუნისტური და პოსტკომუნისტური პერიოდის სერიოზული სიძნელეებისა, გამოავლინა უსაზღვრო სიყვარული ღვთისადმი და აღადგინა ათასობით ეკლესია და მონასტერი, აღიდგინა სულიერება.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩვენი დაჯილდოება მოხდა იმ ფონზე, როდესაც რუსეთსა და საქართველოს შორის დამოკიდებულება რთულია და მხოლოდ რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიების ძალისხმევით არის შენარჩუნებული სულიერი კავშირი და კეთილი ურთიერთობა. ვფიქრობ, დღევანდელი მოვლენა, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ჩვენს სახელმწიფოებს შორის კავშირის აღდგენასაც. მე ადრეც არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის შეიძლება ნორმალური იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იზეიმებს სამართლიანობა და საქართველოს დაუბრუნდება მისი ძირძველი ტერიტორიები, _ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, რაც იქნება კავკასიაში რთული პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთი მთავარი პირობა. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. საუკუნეების მანძილზე მან მრავალი განსაცდელი გადაიტანა, მაგრამ ყოველთვის ღირსეულად უმკლავდებოდა სიძნელეებს. დარწმუნებულნი ვართ, რომ ღვთის წყალობით, და რუსეთისა და საქართველოს (ბუნებრივია, იგულისხმება აფხაზეთიც და ცხინვალის რეგიონიც) ბრძენი და ძლიერი პიროვნებების თანადგომით, ადრე თუ გვიან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და რაც უფრო ადრე მოხდება ეს, მით უკეთესია ყველასთვის.
საქართველოში ჩვენ წამოვწიეთ ხალხთა შორის ურთიერთობის სამი ასპექტი, სამი ფასეულობა, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობის და სამართლიანობის დამყარებას, როგორც ცალკეულ პიროვნებებს, ისე ხალხებს შორის; ეს არის _ ღმერთი, სამშობლო, ადამიანი: მართლმადიდებლური რწმენა ღვთისა, სამშობლოს სიყვარულის გაცნობიერება და ადამიანი, როგორც უდიდესი ფასეულობა. ვისთვისაც ძვირფასია ეს ღირებულებები, იგი არასოდეს მიაყენებს ზიანს არც სხვა ადამიანს და არც ქვეყანას. უნდა ვეცადოთ, განვამტკიცოთ ეს გრძნობები ჩვენში თუ გვსურს, ვიყოთ ამ სოფლად ღირსეული პიროვნებები და ზეცის მოქალაქენი.
ყველას კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას ჩემთვის ასეთი მაღალი ჯილდოს გადმოცემისთვის.
გამოსვლა კი მინდა დავამთავრო იოანე ოქროპირის სიტყვებით: „მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის“.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
მოსკოვი, 21.01.2013
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















