Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch Kirill

რუსეთის პატრიარქ კირილეს მოლოცვა საქართველოს პატრიარქისადმი

13/01/2013

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს საიუბილეო თარიღები მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ მიულოცა.

მილოცვის ტექსტი სამების საკათედრო ტაძარში დღევანდელი წირვის შემდეგ რუსეთის საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელმა მეუფე ილარიონმა ქართულ ენაზე წაიკითხა.

"თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, თქვენი ცხოვრება სიყრმიდანვე ეკლესიას ეძღვნებოდა და მისი მრავალწლიანი უწყვეტი მსახურებითაა აღბეჭდილი. თქვენი ცხოვრების გზის არჩევანი და მისი ერთგული მსახურება საწინდარია თქვენი უმდიდრესი სულიერი გამოცდილებისა და სამღვდელთმთავრო სიბრძნისა. თქვენ ღვთისგან ბოძებული გაქვთ სულიერი ნიჭი, რომელიც ამავე ცხოვრებაში მიწაზე გამოავლინეთ, როგორც ქრისტეს ჭეშმარიტმა მსახურმა. სწორედ ეს ნიჭია ის ფასდაუდებელი საუნჯე, რომელსაც თქვენ, საქართველოს ეკლესიის წინამძღვარი დაუღალავად უნაწილებთ თქვენს სამწყსოსა და მთელ მართლმადიდებელ სამყაროს, სახარების სიტყვებით - არა აღანთიან სანთელი და დადგიან იგი ქვეშე ხვიმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, რაითა ჰნათობდეს ყოველთა, რომელნი არიან სახლსა შინა. განვლილი წლების მანძილზე თქვენ ბრძანდებოდით დიდი ისტორიული ძვრების მოწმე. თქვენი საპატრიარქო მსახურება განსაკუთრებული ეპოქაა არა მხოლოდ საქართველოს ეკლესიის ცხოვრებაში, არამედ ჩვენი ორი ეკლესიის ურთიერთობაშიც, რომელიც თქვენი პირადი თვისებების გამო ინარჩუნებს გულწრფელობას, სითბოსა და ქრისტესმიერ სიყვარულს. თქვენი საპატრიარქო აღსაყდრებიდან მოყოლებული საქართველოს უძველესი ეკლესია გაძლიერდა რწმენასა და ღირსებაში, მნიშვნელოვნად გამრავლდა სამღვდელოება და სამწყსო, ტაძრები და მონასტრებიც. ახლა, როცა თქვენ გარემოცული ბრძანდებით საკუთარი ხალხის სიყვარულით და პატივისცემით, როცა მტკიცე რწმენის, ღვთის იმედის, სიბრძნისა და დაუღალავი შრომის ფასად მოიპოვეთ დიდება მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში, პატივს მივაგებ თქვენს წარუვალ დამსახურებას ღვთისა და ერის წინაშე და მოვუხმობ ბრძენის სიტყვებს - მართლის ნაყოფი სიცოცხლის ხეა და ბრძენი სულებს იზიდავს. ლოცვით ვუსურვებ თქვენს უწმინდესობასა და უნეტარესობას გაძლიერებას და ღვთის შეწევნას თქვენს მაღალ მსახურებაში. ხოლო თქვენს ყოვლად ღირს სამწყსოს სულიერ გაძლიერებას რწმენასა და ქრისტესმიერ სიყვარულში. ძმური სიყვარულით კირილე - მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი", - ნათქვამია რუსეთის პატრიარქის მილოცვაში.

მისალოცი სიტყვების დასასრულს მეუფე ილარიონმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ღვთისმშობლის ხატი უსახსოვრა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced