სიახლეები
მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოსის სიტყვა სამების საკათედრო ტაძარში
13/01/2013
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 35-ე და დაბადებიდან მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში სიტყვა წარმოთქვა მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმიდესმა ბართლომეოს I-მა.
“ძმანო და შვილნო, ჩვენი აქ ჩამოსვლისას სხვა არანაირი მიზანი არ გვამოძრავებდა, გარდა იმ სურვილისა, რომ დღეს თქვენთან ერთად ვყოფილიყავით, გაგვეზიარებინა საქართველოს ეკლესიის სიხარული და სულიერი ზეიმი და პირადად თქვენი, საყვარელო და მეტად პატივსაცემო თქვენო უნეტარესობავ და საქართველოს პატრიარქო, ბატონო ილია, გვსურდა თქვენთან ერთად გვეზეიმა საქართველოს ეკლესიის ტახტზე თქვენი აყსაყდრებიდან 35 წლისთავი, რომელსაც თქვენი დაბადებიდან 80 წლისთავი ემთხვევა. ეს სიხარული მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის სიხარული და დღესასწაულიცაა…
პატივს მივაგებთ საპატრიარქოსა და ქვეყნისთვის, ქართული სამღვდელოებისა და ხალხისთვის მნიშვნელოვან და ისტორიულ მოვლენას და ამგვარად ყველანი, სასულიერო პირნი, პოლიტიკოსები და მორწმუნე ხალხი პატივს მივაგებთ პატრიარქ ილიას იმ ღვაწლს, რომელიც მართლითა გონებითა და მართალი სიტყვის ძალით მოიმოღვაწა. ამ ძალას კი პოულობდა ჩვენი კეთილისმყოფელი ღმრთისგან, პატიოსანი მსახურებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეთი და თავისი ხალხისა…
თქვენო უნეტარესობავ, თქვენ ვინც გონიერებასა და მოთმინებას უფლისაგან იღებდით და იღებთ, შეძელით და ნათლად დაინახეთ რწმენას მოწყვეტილი ადამიანების სისუსტე და ვითარცა იესოს ჭეშმარიტმა მოწაფემ, დაიწყეთ ქადაგება უფლის სიტყვისა…
თქვენო უნეტარესობავ, სიყვარულს ქადაგებთ და თავად სხვისი სიყვარულით ცხოვრობთ. ლოცვებს აღავლენთ და მოუხმობთ სიბრძნეს ღვთისას, რომელიც სწორედ სიბრძნეს უქადაგებს ეკლესიასა და მის ხალხს… ის, რაც აკეთეთ, აკეთეთ რწმენით, იმედით, მოთმინებით. თქვენს მფარველ წმიდანთან ერთად კი გეტყვით, ცოცხალია ღმერთი, უფალი ძალთაი…
უნატარესო კათოლიკოს-პატრიარქო ილია, თქვენ მორწმუნე და სულიერი ადამიანი ხართ. ის სამსახური, რაც თქვენ ეკლესიას, ქვეყანასა და ხალხს გაუწიეთ, მსხვერპლად შეწირვის ტოლფასია და იგი შორს არის იმ დიდებისა და პატივისაგან, რასაც პატრიარქის ტიტული მოიცავს. თქვენ შემოიფარგლეთ ლოცვით, მარხვით, ეკლესიის აღორძინებით, ხალხის იმედების გასხივოსნებით, ხატწერის აღორძინებით, საღმრთო საიდუმლოებათა აღსრულებით, წმიდა ძღვენის შეწირვითა და თქვენი მრავალტანჯული ხალხის დამშვიდებითა და ტკივილის გაყუჩებით.
თქვენი საპატრიარქო მოღვაწეობისას, გამრავლდა თქვენ სულიერ შვილთა რიცხვიც და ხარისხიც, რაც ძალზე გვახარებს. კიდევ უფრო მეტად ვხარობთ, როდესაც ვხედავთ, რომ თქვენი შვილიშვილები თქვენი კეთილი შრომის ნაყოფს მოგართმევენ, რომელსაც თქვენ კვლავ ქრისტეს უძღვნით. ეკლესიისადმი შეწირული თქვენი მოღვაწეობის ნაყოფი ხილული და ნათელია და მას მომავალ თაობებს სისხლით მორწყული საქართველოს ისტორიის ფურცლები ოქროს ასოებით ჩაწერილს შემოუნახავს, ისევე, როგორც ოქროს ასოებით არის ჩაწერილი თქვენი სახელი ჩვენს გულებში”, – მიმართა მსოფლიო პატრიარქმა საქართველოს პატრიარქს.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















