Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

საკვირაო ქადაგება

31/12/2012

30 დეკემბერს სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

პატიარქმა ქადაგებისას ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის, როგორც სამი უდიდესი საუნჯის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“უფალი ამბობს, სადაც იქნება საუნჯე შენი, იქ იქნება გული შენი. ეს არის უდიდესი საკითხი, რომელიც დგას ყოველი ადამიანის წინაშე – რაშია ჩვენი საუნჯე, მატერიალურ კეთილდღეობაში თუ სულიერ აღმავლობაში. მატერიალური ადამიანს მხოლოდ სამარის კარამდე მიაცილებს, სულიერი კი საიქიოსაც გაჰყვება”, – ბრძანა უწმიდესმა.

მისივე თქმით, ყველა ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ სამი უდიდესი საუნჯეა – ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ღმერთი არის თითოეული ადამიანის შემოქმედი, მფარველი და ყველაფრის საფუძველი.

“მეორე უდიდესი საუნჯეა სამშობლო. ადამიანმა, სადაც არ უნდა წავიდეს იგი, სასწავლებლად თუ სამუშაოდ, არ უნდა გაწყვიტოს კავშირი სამშობლოსთან, უნდა ახსოვდეს, სად არიან მისი წინაპრები. სამშობლო მუდამ გულით უნდა ვატაროთ, რადგან, როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა”, – ბრძანა პატრიარქმა.

მესამე საუნჯე კი ადამიანია – ღვთის უნიკალური ქმნილება, რომელიც დედამიწაზე ერთხელ მოდის. “უფალი ყველაფერს მხოლობით რიცხვში ქმნის. ორ ერთნაირ ფოთოლს ან ყვავილს ვერსად ნახავთ. ჩვენ უნდა ვაფასებდეთ და პატივს ვცემდეთ ადამიანს, არ უნდა გავიმეტოთ იგი და ცუდი სიტყვით არ უნდა ვახსენოთ. ეს არის უნიკალური და უძვირფასესი ქმნილება ღვთისა. მთელი ქვეყნის საუნჯე არ ღირს ერთი ადამიანის სულად. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ეს სამი საუნჯე – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი”, – ბრძანა პატრიარქმა.

კათოლიკოს-პატრიარქმა უფალს მადლობა შესწირა, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ეს საუნჯე ახსოვთ. მან მოსახლეობას ბედნიერი შობა-ახალი წელი უსურვა და აღნიშნა, რომ მორწმუნეთათვის ახალ წელს თევზით ხსნილია.

იხილეთ ქადაგება სრულად

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced