სიახლეები
წმიდა დიდი მეფე ვახტანგ გორგასალი (ნაწილი 2)
13/12/2012
ამ დროს ბერძენთა ლაშქრის ერთი ნაწილი მოვარდა საიდანღაც პალეკარპოსის მეთაურობით, რომელმაც შეურაცხყოფის მიყენება დაუწყო ვახტანგს და მის სპას.
ვახტანგმა ხმალი იშიშვლა და სთხოვა უფალს, დახმარებოდა ჯვრისა და მისი შეურაცხმყოფელი ამპარტავანი კაცის დამდაბლებასა და მოსპობაში. მცირე ხნის ბრძოლის შემდეგ მეფემ შუაზე გაუპო თავი პალეკარპოსს და მისი ერთი ნახევარი ჯვრის წინაშე დააგდო სიტყვებით:
- ყოვლისა განდგომილისა შენისა ეყავნ ნაწილი.
ვახტანგის სპამ ბერძენნი აოტნა. მიიმწყვდია ისინი ზღვასთან, ნახევარი დახოცა, ნახევარი კი ტყვედ იგდო. მეფემ წერილი მისწერა კეისარს, სადაც ამცნობდა, რომ „მიუწვდომელია სიბრძნე ღვთისა, მე ვიცი, რომ შენი ბრალი არ იყო პალეკარპოსის მოხვდომა ჩვენზედ, ისევე როგორც მე ვარ უბრალო ჩემი დედისძმის თქვენზე თავდასხმაში. ორივე ძვირისმოქმედნი ძვირმანვე მოინადირა. ეს ყველაფერი ღმერთმა ალბათ იმიტომ მოაწყო, რომ რაც შეიძლება ბევრი მოექცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. მე დედისძმის დაღუპვით გამოწვეული მწუხარება იმით შევიმსუბუქე, რომ შური ვიძიე მის მკვლელებზე, ხოლო შენ ნუგეშინისსაცემად გიბრუნებ იმ შვიდიათას ოთხმოც ტყვეს, რომელიც ღმერთმა სიკვდილისაგან იხსნა. თუ სურვილი გაქვს ჩემთან შეხვედრის, გამოეშურე სანახავად, იმიტომ, რომ უკვე დროა გავბრუნდე მეც სამშობლოში.
ტყვეთა განთავისუფლებით გახარებული კეისარი მეფეს შეხვდა, ფიცით განამტკიცეს ერთმანეთის ერთგულება და კეისარმა მადლიერების ნიშნად ვახტანგს უკან დაუბრუნა „საზღვარი ქართლისა, ციხე თუხარისი და კლარჯეთი ყოველი ზღვითგან ვიდრე არსიანთადმდე და ხევნი, რომელნი მოსდგმანან ღადოთა“.
უკან წამოსულმა ვახტანგმა გზად კლარჯეთში გამოიარა, თავისი ძუძუმტე არტავაზი დატოვა იქ და დაავალა აეშენებინა ციხე არტანუჯისა და მონასტერი. არტავაზმა მართლაც ააშენა იქ მონასტერი ოპიზა და სამი ეკლესია: დაბა მერისა, შინდობისა და ახიზისა.
რამდენიმე ხნის შემდეგ ბელანდუხტ დედოფალი გარდაიცვალა. დარჩმა მეფეს მისგან შვილი, პატარა დაჩი. მეფე სპარსელთა შემოსევას ელოდა და ამიტომ ციხეთა და ქალაქთა მშენებლობას შეუდგა, თანაც ლაშქარს ამზადებდა საბრძოლველად. საპყრობილეში ჩააგდო ბინქარან ცეცხლის მსახური და ქვეყნიდან გააძევა ყველა, ვინც ცეცხლს ეთაყვანებოდა.
როცა სპარსთა მეფე საბრძოლველად მოადგა ქართლს, ვახტანგ მეფემ ბერძენთა მეფეს დახამრება სთხოვა. ვახტანგის მოციქულებმა კეისარს საბერძნეთში ვერ მიუსწრეს, სალაშქროდ იყო წასული, ამიტომ ვახტანგი იძულებული გახდა, მარტოს დაეწყო ბრძოლა მტრის წინააღმდეგ. მეფეს მუზარადის წინა მხარეს მგელი ეხატა, მეორე მხარეს კი - ლომი და სწორედ ამ ბრძოლის დროს შეარქვეს სპარსელებმა მას გორგასალი. „დურ აზ გორგასალ!“ - „მოერიდეთ თავსა მგლისასა“, - ასე აფრთხილებდნენ ერთმანეთს ისინი.
ოთხ თვეს მიმდინარეობდა ეს ბრძოლა. ამასობაში კეისარმაც მოაშველა ვახტანგს ბერძენთა ოთხმოცი ათასი მხედარი.
სპარსთა მეფემ, როგორც კი შეიტყო ბერძენთა მოსვლის ამბავი, შეეშინდა და მოციქულები მიუგზავნა ვახტანგს შესარიგებლად. ვახტანგმა შეუთვალა: ხომ იხილე ჯვრის ძალა. სანამ იგი გამოჩნდებოდა, ყველანი ხარკს გიხდიდით, ახლა კი შენივე მოხარკე ბერძენნი გიოხრებენ ცეცხლის სამსახურებელთ. ტყუილად გვებრძვი სჯულის დასატოვებლად, ჩვენ მზადა ვართ მოვკვდეთ მისთვის; ვინც ჩვენთვის ეცვა ჯვარს, ის ისევე აღგვადგენს ჩვენ. ხოლო შენ, თუ ცეცხლს მიატოვებ და ჩვენს ქრისტეს აღიარებ, მამად მიგიჩნევ.
ვახტანგი და სპარსთა მეფე ხვასრო ერთმანეთს ტკბილად შეხვდნენ, მართალია, ორივე მტკიცედ დადგა თვის სჯულზე, მაგრამ ამავე დროს მშვიდობა და სიყვარულიც შეჰფიცეს ერთმანეთს. ხვასრომ უთხრა მეფეს, რაც გინდა მთხოვე, შეგისრულებო. მაშინ მეფემ სთხოვა, შენსა და კეისარს შორისაც მინდა მშვიდობა იყოსო.
ხვასრო შეწუხდა იმიტომ, რომ სწორედ ახლა აპირებდა საბერძნეთზე გალაშქრებას, უნდოდა ესარგებლა კეისრის ხაზარეთში ყოფნით და დაებრუნებინა თავისი მიწები, რომელიც საბერძნეთს ჰქონდა მიტაცებული.
ვახტანგისა და ხვასროს საუბარს ბერძნეთა ეპისკოპოსი ლეონ ანთიპატიც ესწრებოდა და გაიგო თუ არა ხვასროს განზრახვა, გახარებულმა უთხრა, რომ საბერძნეთი თანახმაა უბრძოლველად დაგიბრუნოს შენი მიწები, საამისოდ წერილიც მაქვს კეისრისგან გამოტანებულიო. ხვასროს ძალიან გაუხარდა ეს. მაშინვე გადაიფიქრა საბერძნეთზე გალაშქრება, ოღონდ ვახტანგს სთხოვა, ხომ იცი, სპარსეთში რომ დავბრუნდები ბერძნებზე შურისძიების გარეშე, მოხუცები რა დღეში ჩამაგდებენ, მოდი შენი და მომეცი ცოლად, რომ თავი თქვენთან დამოყვრებით ვიმართლო. თანაც გამომყევი და აბაშთა, ელამთა, ჰინდოთა და სინდთა წინააღმდეგ ბრძოლაში დამეხმარე, რომ ისინი მოხარკედ გავიხადო და ამით დავაცხრო მოხუცთა გულისწყრომა ბერძენთა გამოო.
ვახტანგი ყველა პირობაზე დათანხმდა ხვასროს. მაშინ ლეონ ანთიპატმა მადლობა გადაუხადა ბერძენთა კიდევ ერთხელ გადარჩენისათვის მეფე ვახტანგს და პირველად ათი ათასი მხედრით, მერე კი დანარჩენით დახმარებას დაპირდა.
ვახტანგმა მეფედ თავისი ხუთი წლის შვილი დაჩი დატოვა ქართლში. დაუტოვა მას მეურვედ შვიდი წარჩინებული. თვითონ არტვაზი, ნასარი, ბივრიტიანი და საურმაგი იახლა და თავისი ლაშქრით გაჰყვა ხვასროს სპარსეთში. გზად ვახტანგს ხვარანძე და დედამისიც დაემგზავრნენ, რომელთაც იერუსალიმში უნდოდათ სალოცავად წასვლა. ვახტანგმა დედა და და იერუსალიმში ჩაიყვანა და ისევ ხვასროს შემოუერთდა, რომელიც ანტიოქიაში ელოდა. მანამდე საბერძნეთში გაგზავნილ ლეონ ანთიპატი და არტავაზის მოვიდნენ ოციათასი რჩეული მხედრით და მოართვეს ხვასროს კეისრისაგან ძღვენი მიუწვდომელი.
ხვასრომ დიდი ქორწილი გადაიხადა სპარსეთში. ექვსი თვის შემდეგ კი შეერთებული ლაშქარი საბრძოლველად გაემართა. დაიპყრეს ჯორჯანეთი, ჰინდოეთი და შევიდნენ სინდეთს. სინდეთში საურმაგი, ეჯიბი ვახტანგისი, მოკლეს. მეფემ ძალიან განიცადა მისი სიკვდილი, თავზე ადგა და ისე დასტიროდა საურმაგს, როგორც საყვარელ ძმას. ამ დროს ქალაქის კარიდან გადმოდგა სინდეთის მეფე და ვახტანგს ხმამაღლა გამოსძახა:
- შენ იმ ყვავს ჰგავხარ, მეფეო, არწივისგან დაგლეჯილი ქორი რომ იხილა და ნაცვლად იმისა, წესისამებრ სხვა ყვავებისთვის ეხმო და მათთან ერთად მოეკლა თავისი დაუძლურებული მტერი, მოვლა დაუწყო და საჭმელად მკალი და გველი მოჰქონდა. წამოიზარდა ქორი და იფიქრა, ამ საჭმელმა მე რა უნდა მიყოს, ჯობია თვითონ ყვავი შევჭამო, რომ მოვღონიერდე და გავფრინდე. შეჭამა და სწორიც ქნა, რადგან ამით განერიდა სიკვდილს, ხოლო ყვავმა რადგან თავის წესისამებრ არა ჰქნა თავიდანვე იმიტომაც მოკვდა.
ეგ სპარსელნი მთელი თავისი ცხოვრება ჯვარსა და მის მსახურთ მტრობენ, ახლა დაუძლურდნენ და თავს ცბიერებით ისე გაჩვენებენ, თითქოს უყვარდეთ. შენი შეწევნით მოღონიერდებიან და ისევ დაიწყებენ ჯვარის მსახურთა ხოცვას. აი რას უმზადებ შენ შენს თავსაც და სხვა ქრისტიანებსაც!
- უგუნურო, - უპასუხა ვახტანგმა, - თაგვის მსგავსი ხარ შენ, მიწის სიბნელის გარდა არ გინახავს არაფერი. გაუგებარია შენთვის ბრწყინვალება მზისა და მშვენიერება ველის. ბრმა ხარ და ყრუ, არც გესმის და არც უწყი ცხოვრება სულიერი, არც სურვილი გაქვს შენ საუკუნო ცხოვრებად მისვლის, არც ნათელს სცნობ დაუსრულებელს და არც ღმერთს შემოქმედს ყოველთასა, რომლის მიერაც შეიქმნა ყოველივე.
ჩემი აქ ყოფნით მე იერუსალიმი გადავარჩინე - ქალაქი წმინდა. გადავარჩინე ასევე ქრისტიანული ქვეყნები, რომელთა მოსაოხრებლადაც ემზადებოდა სპარსთა მეფე. ბევრი სული დავიხსენი ჩემი აქ მოსვლით და თუ, როგორც შენ ამბობ, სპარსელები ოდესმე თავს დამესხმიან, მაშინ სწორედაც რომ ძალითა და შეწევნითა ქრისტესითა, ქრისტიანები დამეხმარებიან და მიხსნიან განსაცდელისგან. და ასეც რომ არ იყოს, მე მაინც მოვიდოდი აქ იმიტომ, რომ სპარსელები ნათესავები არიან ჩემი და მეორეც, მართალია, ჭეშმარიტ სარწმუნოებას არ ადგანან, მაგრამ სულიერი ცხოვრება მაინც სწამთ, - განსხვავებით თქვენგან, რომელნიც ისევე უმეცარნი ხართ, როგორც ქორნი.
სწორად ამ უმეცრების გამოა თქვენი გონება საძაგელი. ამიტომაც აქებ უმადურ ქორს, რომელმაც თავისი გამზრდელი შეჭამა. ჩვენი ბუნება კი ასეთია: კეთილისმყოფლისთვის უნდა დავდვათ სული ჩვენი და მოვიგოთ მადლი ღმერთისაგან, ვპოვოთ ცხოვრება საუკუნო და სოფელსა ამას მოვიგოთ ქება კაცთაგან.
სინდთა მეფე დაემუქრა ვახტანგს; გამოვალ, მოგკლავ და ახლავე გაზიარებ მომავალ დიდებას, რადგან ასე გჯერა ამისიო და ჰოროლით შეიარაღებული გამოვიდა ვახტანგის წინააღმდეგ.
ვახტანგმა მარჯვენა ბეჭში სცა ჰოროლი სინდთა მეფეს. მეორედ აღარ შემოუქნევია და თრევით მიიყვანა იგი სპარსთა მეფის წინაშე, ოღონდ სთხოვა, მოეყვანა მისთვის მკურნალი, შემდეგ კი შეეწყნარებინა და ცოცხალი გაეშვა.
სინდთა მეფემ სიყვარულით გადაუხადა მადლობა ვახტანგ მეფეს სიცოცხლისათვის და კიდევ იმისთვის, რომ ვახტანგმა მტერს მისი ოთხი ქალაქი არ ააოხრებინა.
მერვე წელს ვახტანგ მეფე ქართლში გამობრუნდა, ლეონ ბერძენი კი კეისართან გააგზავნა ასულის სათხოვნელად და პეტრეს და სამოელის ჩამოსაყვანად.
როცა ქართლის ეპისკოპოსმა პეტრესა და სამოელის ჩამოსაყვანად მოციქულის გაგზავნის ამბავი გაიგო, გამწარდა და, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ცილი დასწამა მეფეს, - ქრისტე დაგიტოვებია და ცეცხლთაყვანისმცემლობა მიგიღიაო. არ მოუსმინა მეფის ახსნა-განმარტებას და ისე გაკადნიერდა, ხელიც კი გაარტყა მას და კბილი ჩამოაგდებინა.
მეფემ ხელი არ შეუბრუნა ეპისკოპოსს, ოღონდ უთხრა, რომ მას ეს შურით მოუვიდა, უწოდა იუდა და გაუგზავნა იგი დასასჯელად კონსტანტინეპოლის პატრიარქს, სადაც მას უყვეს კიდევაც ექსორია.
პატრიარქმა ქართლში თორმეტი ეპისკოპოსი გამოგზავნა, კათალიკოსად კი პეტრე აკურთხა. კეისარმა თავისი ასული ელენეც გამოუგზავნა მეფეს ცოლად.
მეფემ პეტრე მცხეთაში დასვა კათალიკოსად, სამოელიც იქვე, ეპისკოპოსად, დანარჩენები კი დაანაწილა: კლარჯეთში, ერუშეთის არტანში, წუნდაში, ჯავახეთს, მანგლისში, ბოლნისში, რუსთავში, ნინოწმინდაში, ჭერემში, ჩელეთში, ხორნაბუჯსა და აგარაკში.
შემდგომში ააშენა ეკლესია ნიქოზისა და იქაც დასვა ეპისკოპოსი.
ბერძენი მეუღლისაგან ვახტანგს სამი ძე და ორი ასული შეეძინა. დაჩის მისცა ქალაქი ჭერემისა და ნეკრესისა და ქალაქი კამბეჩოვანისა, თვითონ კი უჯარმას დაჯდა.
ამასობაში ხვასრო, მეფე სპარსეთისა გარდაიცვალა და ავიდა ტახტზე მისი ძე ხვასრო, რომელმაც ვახტანგს შემოუთვალა, საბერძნეთზე სალაშქროდ ვემზადები და გამომყევი, თანაც ასულიც მომათხოვე შენიო.
ამ დროს სამოცი წლის მეფე ვახტანგი ტფილისს აშენებდა. ხვასროს შემონათვალი რომ უთხრეს, ასე თქვა: „გადაეცით ხვასროს, ჯერ ჩვენთან საბრძოლველად გაემზადოს და მერე შევიდეს საბერძნეთში! აწ ცხოვრება ჩვენი იყავნ სასოებითა ჯვარცმულისათა“.
გაგზავნა მეფემ მალემსრბოლნი მთელს ქვეყანაში და იწყო საბრძოლველად მზადება, თან კეისარსაც შეუთვალა დახმარებოდა.
მოვიდა ხვასრო მეფე და შემუსრა ქალაქი კამბეჩოვანი, ჭერმის ციხე და ველისციხე. იორთან შეიბნენ სპარსელები და ქართველები და გაჩაღდა ფიცხელი ბრძოლა.
მეფემ კათალიკოსი იხმო და უთხრა:
- იცოდე, რომ ხარკისათვის კი არ გვებრძვიან სპარსელები, იმისთვის გვებრძვიან, რომ ქრისტე დაგვათმობინონ. ქრისტეს გარეშე სიცოცხლეს, ქრისტიანად სიკვდილი მირჩევნია და სასუფეველში ყოფნა, რადგანაც გვასწავლის იგი, რომ „რომელმან წარიწყმიდოს თავი თვისი ჩემთვის, მან პოოს იგი“.
ვახტანგის ლაშქარი ორასორმოცი ათასი კაცისგან შედგებოდა, ხოლო სპარსელთა - შვიდასოთხმოცი ათასისგან. მეფემ სამად გაყო თავისი ლაშქარი, ასი ათასი თვითონ გაიყოლა და ღამით თავს დაესხა იმ ადგილს, სადაც სპარსელთა მეფე იყო. ცისკრისას შეაღწია მან მეფის კარავში. მეფემ ცხენით გაასწრო, ვახტანგმა ძე მოჰკლა მისი, მოჰკვეთა თავი და სწორედ ამ დროს ვიღაც სპარსელმა აძგერა გულში ისარი.
თავგანწირულად იბრძოდნენ ქართველები, მაგრამ მტრის სიმრავლეს ვარაფერს უხერხებდნენ. ამასობაში ვახტანგს ჭრილობა დაუწყლულდა, რადგან ისარი ფილტვამდე იყო შესული. თვითონ უჯარმაში წავიდა, სპასასლართ კი უბრძანა, არ მიეტოვებინათ ბრძოლის ველი.
ვახტანგი მიხვდა, რომ კვდებოდა. მოუხმო კათალიკოსს, ცოლს, შვილებს, ყველა წარჩინებულთ და უთხრა:
- მე მივდივარ ჩემს ღმერთთან. ვმადლობ სახელს მისას, რომ არ დამაკლო გამორჩეულთა წმიდათა მისთა. მტკიცედ იდექით სარწმუნოებაზე და ეძებდით სიკვდილს ქრისტესათვის, რათა მოიპოვოთ დიდება წარუვალი. თქვენ, წარჩინებულნო ქართლისანო, მოიხსენეთ კეთილნი საქმენი ჩემნი, რადგან ჩემი სახლიდან მიიღეთ თქვენ ნათელი საუკუნო. ნუ შეურაცხყოფთ სახელს ჩემსას და გიყვარდეთ ერთმორწმუნე ბერძენნი, - შემდეგ შეხედა დაჩის და უთხრა, რომ ის არის პირმშო მისი და ამიტომ მეფობას მას აძლევს. დაუძახა ერისთავთ და ღმერთის სახელით სთხოვა მფარველობა ცოლისა და შვილებისათვის.
მთელი საქართველო გლოვობდა, ზარისა და გოდებისაგან იძროდა მიწა, მორწმუნე ერი ქრისტესათვის მოკლულ მეფეს მისტიროდა.
გაზეთი „მადლი“, №1-2, 1990 წ.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















