სიახლეები
ილია მეორე - ხშირად ადამიანები ბედნიერებას იქ ეძებენ, სადაც ის არ არის
09/12/2012
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი ღვთისმშობლის მფარველობით მშვიდობიანი იქნება. როგორც უწმინდესმა დღევანდელ საკვირაო ქადაგებაში ბრძანა, ყველა ადამიანს თავისი ცხოვრების გზა გააჩნია და ყველა ეძებს ბედნიერებას, თუმცა, ზოგიერთს არ ესმის სად არის ბედნიერება. პატრიარქის თქმით, ხშირად ადამიანები ბედნიერებას იქ ეძებენ, სადაც ის არ არის და ყურადღებას არ აქცევენ მას, რაც აუცილებელია.
"ბოლო დროს აქტუალური გახდა ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. ზოგიერთს არ ესმის არც ერთის მნიშვნელობა. ცხოვრობს მხოლოდ დღევანდელი დღით, გართობით, ვნებებით, აინტერესებს ის, რაც საინტერესო არ არის. მაგალითად, ნამდვილი ხელოვნება წლების განმავლობაში გაგყვება, რადგან ის ზეციური წარმოშობისაა და ღმერთი ჩაგვაგონებს, მაგრამ არის ცრუ ხელოვნებაც, რომელიც არის დამყარებული ვნებებსა და ისეთ გრძნობებზე, რაც ღლის, ამცირებს ადამიანს და მას ბედნიერება არ მოაქვს. ის, როგორც წუმპე იზიდავს ადამიანს და როდის დაახრჩობს, არავინ იცის", - ბრძანა უწმინდესმა.
ამიტომ პატრიარქმა საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყველა ადამიანმა სწორად გაიგოს ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის მნიშვნელობა. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, თუ ამას ყველა გაიგებს და გამოიყენებს, ბედნიერი და კმაყოფილი იქნება საკუთარი ბედით.
"პავლე მოციქულს ნათქვამი აქვს – მთელი ქვეყანა ბოროტებაში წევსო. ამას დიდი მიზიდულობის ძალა აქვს და კიდეც რომ არ გინდოდეს, გაიძულებს შენც იწვე ამ ბოროტებაში. სამშობლო საჩუქარია ღვთისა, კარიბჭეა ბედნიერებისა და სასუფევლისა. მინახავს მრავალი ქვეყანა, სადაც მაღლა დგას ეკონომიკური ცხოვრება და ხალხს არაფერი აკლია, თუმცა იქ მეტია ადამიანების კრიზისი და თვითმკვლელობა. ამის ახსნა კი ერთადერთია, სადაც იქნება საუნჯე შენი, იქ იქნება გული შენი", - ბრძანა უწმინდესმა და საზოგადოებას მოუწოდა, იფიქრონ იმაზე, რომ მათი უდიდესი საუნჯეა უფალი, სამშობლო და ადამიანი.
როგორც უწმინდესმა აღნიშნა, სამშობლო და ადამიანი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ღმერთი კი მათ თავზე გვირგვინივით ადგას. "ეს გვირგვინი არ უნდა დავკარგოთ. არ შეიძლება ადამიანი იყოს არსება, რომლის გულიც სავსეა ღვარძლით. არ შეიძლება ადამიანმა იცხოვროს შურით და ბოროტებით. ბოროტება ბოროტებით არ იკურნება. გააკეთეთ სიკეთე და ის ასმაგად უკან დაგიბრუნდებათ. ჩვენ ვფიქრობთ რა მოელის საქართველოს მომავალში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მომავალი ღვთისმშობლის მფარველობით მშვიდობიანი იქნება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ღვთის მადლის ღირსი. ღმერთმა მოგცეთ უნარი და სიბრძნე, რომ გაარჩიოთ თეთრი და შავი, ბოროტება და სიკეთე, მაგრამ რომ გაარჩევთ სად არის ბოროტი და კეთილი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა დასაჯოთ და გაანადგუროთ. უნდა დაეხმაროთ მას ამ ბოროტების განდევნაში. იმედია, სიკეთე იმეფებს ჩვენში", - ბრძანა უწმინდესმა.
ქადაგების დასასრულს პატრიარქმა 15-მდე სასულიერო პირი დააჯილდოვა, ასევე დალოცა კლინიკა "მეგსის" პაციენტები და სამედიცინო პერსონალი.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















