Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Photo

სტატია გამოქვეყნდა 2009 წლის 20 იანვარს გაზეთში ,,24 საათი (ბიზნესი)”

04/02/2009

სტატია გამოქვეყნდა 2009 წლის 20 იანვარს გაზეთში ,,24 საათი (ბიზნესი)”

საკუთარი ნავთობი და გაზი – საქართველოს ეკონომიკის განვითარების საფუძველი


ქვეყანას, რომელსაც აქვს საკუთარი ნავთობისა და გაზის საკმარისი რესურსები, უნარი შესწევს უზრუნველყოს თავისი ენერგოუსაფრთხოება, ხელი შეუწყოს ეკონომიკის განვითარებას და ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებას. ამის მაგალითია მსოფლიოს მრავალი ნავთობგაზმომპოვებელი ქვეყანა. საქართველოს თავისი ნავთობ-გაზ პოტენციალით შეუძლია შევიდეს ამ ქვეყნების რიცხვში.

ამ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდთან (მმართველი საბჭოს 15. 12. 2006 წ. სხდომის გადაწყვეტილება) შეიქმნა ნავთობისა და გაზის დროებითი კომისია, ეროვნული სახელმწიფო პროგრამის - `საქართველოს ნავთობისა და გაზის საძიებო და მომპოვებელი დარგის განვითარება სისტემური მოდელირებისა და მონიტორინგის, აგრეთვე, სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების საფუძველზე~ - კონცეფციის შემუშავების მიზნით.

ორი წლის განმავლობაში მომზადდა კონცეფციის ანალიტიკური დასაბუთება, რომელიც ეყრდნობა ქართველი და უცხოელი სპეციალისტების კვლევითი მასალების სისტემურ ანალიზს; ჩატარდა ორი სამეცნიერო კონფერენცია. ანალიტიკური დასაბუთების მასალები გასაცნობად გაეგზავნა დარგში მომუშავე ყველა ორგანიზაციას, საიდანაც მიღებულ იქნა დადებითი რეცენზიები.

ზემოთ აღნიშნული პრობლემის გადასაწყვეტად საჭიროა ნათლად დავისახოთ მიზანი, მისი მიღწევის გზები და საშუალებები. სწორედ ეს საკითხებია გადაწყვეტილი ამ კონცეფციაში, რომელიც უნდა გახდეს ნავთობ-მომპოვებელი დარგის განვითარების სახელმწიფო პროგრამის საფუძველი.

საქართველო თავისი გეოლოგიური აგებულებით ერთდროულად მიეკუთვნება ორ ნავთობგაზშემცველ ტერიტორიას: აღმოსავლეთ შავი ზღვის ოლქს (დასავლეთ საქართველო) და სამხრეთ-კასპიის ნავთობგაზიან აუზს (აღმოსავლეთ საქართველო). საქართველოში აღმოჩენილია 18 საბადო: 16 ნავთობის, 1 გაზოკონდენსატის, 1 გაზის, ცნობილია ნავთობისა და გაზის 1500-ზე მეტი გამოვლინება.

1981-83 წლებში საქართველოში ნავთობის მოპოვებამ წელიწადში 3 100 000 ტონას მიაღწია.

საქართველოში 90-ანი წლების ბოლოს უცხოელი და ქართველი სპეციალისტების მიერ დათვლილი იქნა ნავთობის პროგნოზული რესურსი, რომელმაც შეადგინა 2 მილიარდ 350 მილიონი ტონა (ხმელეთზე – 1 200 მლნ.ტ, შელფზე – 1 150 მლნ.ტ), გაზის პროგნოზულმა რესურსმა (აღმოსავლეთ საქართველო) – 180 მლრდ მ3. ამ პოტენციური რესურსის 40-50% მოპოვების შემთხვევაში ქვეყანა მიიღებს რამოდენიმე ასეულ მილიარდი დოლარის მოგებას. მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ახალი საბადოების აღმოჩენას და ექსპლუატაციაში შეყვანას დაახლოებით 5-7 წელიწადი სჭირდება. გამომდინარე აქედან არსებული რესურსის ათვისებას რამოდენიმე ათეული წელიწადი დასჭირდება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებობს ნავთობისა და გაზის საკმარისი რაოდენობის რესურსი და მარაგი, მუშაობის გარკვეული ტრადიცია, გამოცდილება და ინვესტორთა დაინტერესებაც, მაინც ვერ მოხერხდა დარგის ინტენსიური განვითარება. რაც ჩვენი აზრით მთელ რიგ ობიექტურ და სუბიექტურ მიზეზებთან არის დაკავშირებული.

90-ანი წლების შუა პერიოდიდან დარგში უცხოელი ინვესტორების მოზიდვის მიუხედავად, ვერ მოხერხდა სასურველი შედეგის მიღება, კერძოდ ჯერ-ჯერობით არ აღმოჩენილა, არცერთი ახალი საბადო, ხოლო ნავთობის წლიური მოპოვება ამჟამად 50 ათას ტონას აღწევს, რაც ინვესტორების შემოსვლამდე არსებული მაჩვენებელის ტოლფასია.

ყოველივე ეს მეტყველებს ნავთობგაზძებნის, დაზვერვის და მოპოვების დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების არაეფექტურ გამოყენებაზე, და ამ მხრივ სახელმწიფოს მიერ კონტროლისა და მართვის დაბალ ხარისხზე.

საქართველოს ნავთობგაზძებნის, დაზვერვის და მოპოვების დარგში დღეს არსებული მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ამ ვითარების შესაცვლელად საჭიროა დარგის გადაყვანა ინოვაციური განვითარების გზაზე, რაც მოითხოვს მუდმივ და მიზანმიმართულ მუშაობას,რის შედეგადაც უნდა მოხდეს:

1. საზოგადოების ნაწილში, საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების სიმცირის შესახებ არასწორი წარმოდგენის უარყოფა;

2. უახლესი ტექნოლოგიების გამოყენება სისტემური მოდელირების საფუძველზე, რაც გულისხმობს:

ა) ნავთობისა და გაზის ბუდობების ძიებას პირდაპირი კოსმოგეოლოგიური, გეოქიმიური და გეოფიზიკური მეთოდებით;

ბ) გაწყლიანებული ჭაბურღილების რეაბილიტაციას უახლესი მეთოდებით.

3. შეიქმნას მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალიზირებული სახელმწიფო სამსახური, რომლის ამოცანა უნდა იყოს ნავთობზე და გაზზე ძებნითი, სადაზვერვო და საექსპლუატაციო სამუშაოების ეფექტურობის გაზრდაზე ზრუნვა. ასეთი სამსახურის ფუნქციებში უნდა შედიოდეს:

* თანამედროვე მეთოდების და ტექნოლოგიების შესწავლა და მათი გამოყენება საქართველოს გეოლოგიური პირობების შესაბამისად;
* ქვეყანაში მოქმედი ინვესტორებისათვის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაში ხელშეწყობა და კოორდინაცია;
* ნავთობგაზ-ძებნის, დაზვერვის და მოპოვების დარგის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის ნორმატიულ-მეთოდური დოკუმენტაციის შემუშავება;
* გეოლოგიური, კოსმოგეოლოგიური, გეოფიზიკური, გეოქიმიური, ჰიდროდინამიკური ინფორმაციის მონაცემთა კომპიუტერული ბანკის შექმნა;
* ტერიტორიების პროგნოზულ-საძიებო და გეოლოგო-ჰიდროდინამიკური კომპიუტერული მოდელების შექმნა;
* ნავთობისა და გაზის რესურსების და მარაგების ხელახალი გადათვლა;



სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების, სპეციალიზებული საკოორდინაციო-ანალიტიკური სამსახურის შექმნის და დარგში მომუშავე კომპანიებთან ერთად ინოვაციური სამუშოების ჩატარების შემდეგ, მოსალოდნელია ნავთობის მოპოვების ზრდის შემდეგი მაჩვენებლები:

მე-4 - მე-5 წელი - რამდენიმე ასეულ ათას ტონამდე;

მე-6 - მე-10 წლის შემდეგ - რამდენიმე მლნ. ტონამდე წელიწადში;

აღსანიშნავია, რომ ახალი ტექნოლოგიების დასანერგვად გაწეული კაპიტალდაბანდება ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე ტრადიციული ტექნოლოგიების გამოყენებით გაწეული სამუშაოების დანახარჯები. ხოლო, სახელმწიფოს მიერ ნავთობის მრეწველობიდან მიღებული შემოსავლების ნაწილი უნდა მოხმარდეს ინოვაციური ტექნოლოგიების დაფინანსებას.

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ არსებულ პრობლემაზე ზრუნვა არ უნდა იყოს მხოლოდ დარგში მომუშავე სპეციალისტების, ორგანიზაციებისა და მთავრობის პრეროგატივა, არამედ უნდა გახდეს ქართული საზოგადოების მსჯელობისა და თანადგომის საგანი.



პატრიარქის ფონდის ,,ნავთობისა და გაზის“

დროებითი კომისიის თავმჯდომარე,

გეოლოგო-მინერალოოგიის მეცნიერებათა დოქტორი,

პროფესორი ზურაბ მგელაძე

ფონდის მთავარი მენეჯერი ირაკლი ქადაგიშვილი

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced