სიახლეები
,,კვირის პალიტრა”
05/02/2009
მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა და ეროვნული ინტერესები პირდაპირ კავშირშია ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან. ქვეყანას, რომელსაც ნავთობისა და გაზის რესურსები საკმარისად აქვს, თავისი ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაც შეუძლია. ასეთ ქვეყნებს უნდა მიეკუთვნებოდეს ჩვენი ქვეყანაც, მაგრამ...
საქართველოს ნავთობის იმდენი მარაგი აქვს, რომ ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა თავისუფლად შეუძლია. მეცნიერების დამაჯერებელი არგუმენტების მიუხედავად, ხელისუფლების მაღალი ტრიბუნიდან დაჟინებით იმეორებენ, რომ საქართველოს ნავთობი არ აქვს. რით არის განპირობებული ხელისუფლების ასეთი პოლიტიკა, ძნელი სათქმელია. სამაგიეროდ, რუსები არ კარგავენ დროს და ოკუპირებულ აფხაზეთში ნავთობმოძიებისა და მოპოვების საქმეში მილიონობით დოლარს ხარჯავენ.
ზურაბ მგელაძე, გეოლოგი, მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ბუნებრივი რესურსების საერთაშორისო აკადემიის, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა, საქართველოს ეროვნული ენერგეტიკისა და საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი: - ცნობები საქართველოში ნავთობის მარაგის შესახებ მე-19 საუკუნის დასაწყისიდან არსებობს. პირველი ჭაბურღილი 1869 წელს ამოქმედდა. შირაქის ნავთობის გამოვლინების ზოლში პრუსიელმა ვალტერ სიმენსმა სამი ჭაბურღილი გაბურღა, საიდანაც დღე-ღამეში 2,5 ტონა ნავთობს იღებდა. მოგვიანებით ასეთივე სამუშაოები Gჩატარდა გურიაში...
დღეს უკვე სავსებით გარკვეულია, სად უნდა ვეძებოთ ნავთობი და სად არა. ჩვენ, მენავთობეებმა, ვიცით ის კანონზომიერება, რომელიც დაკავშირებულია ნავთობისა და გაზის პერსპექტიულ უბნებთან. დედამიწის ქერქის ნაწილები დაყოფილია განვითარებისა და აგებულების, ნავთობ-გაზპერსპექტიულობის მიხედვით. ასეთO მიწებს ნავთობგაზშემცველ პროვინციებსა და ოლქებს უწოდებენ. საქართველოს ტერიტორია გეომორფოლოგიურად ორ ნაწილად იყოფა, - აღმოსავლეთი საქართველო და დასავლეთი საქართველო. აღმოსავლეთი საქართველო, აზერბაიჯანი, კასპიის ზღვა და თურქმენეთის დასავლეთი ნაწილი ერთი დიდი ნავთობგაზშემცველი პროვინციაა და გადაჭიმულია დაახლოებით 900 კილომეტრზე. როგორც იცით, აზერბაიჯანში ნავთობი მოიპოვება, კასპიის ზღვაც პერსპექტიულ უბნად არის აღიარებული, თურქმენეთი ერთ-ერთი ძირითადი ბაზაა ნავთობისა და გაზის ძიებისა და აი, ამ დიდი პროვინციის პერიფერიულ დასავლეთ ნაწილს წარმოადგენს აღმოსავლეთი საქართველო. დასავლეთით კოლხეთის დაბლობი გვაქვს. ეს ნაწილი მიეკუთვნება შავი ზღვის აღმოსავლეთით ნავთობგაზშემცველ ოლქს. ბუნებაში ერთეული დაგროვებები არ არსებობს. იქ, სადაც ერთი საბადოა, უნდა ვეძებოთ სხვაც. ამიტომ მეცნიერული და პრაქტიკული თვალსაზრისით საქართველოს პერსპექტიულობა ნავთობ-გაზშემცველობის თვალსაზრისით ეჭვს არ იწვევს, მაგრამ ჩვენთან რატომღაც ამტკიცებენ, რომ საქართველო არ არის მდიდარი გაზითა და ნავთობით, მეტიც, სულ არ გვაქვსო. მინდა შევახსენო ყველას, რომ საქართველო 1981-83 წლებში 3 100 000 ტონა ნავთობს მოიპოვებდა. ასეთი მაGჩვენებელი საბჭოთა კავშირის ბევრ ცნობილ ნავთობმომპოვებელ ქვეყანას არ ჰქონია, ხოლო ბოლო წლებში უცხოელი და ქართველი სპეციალისტების Gჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ საქართველოს პროგნოზული რესურსი 2 მილიარდ 350 მილიონ ტონას შეადგენს, Gგაზის რესურსი კი 180 მილიარდ კუბმეტრს. ამ პოტენციური რესურსის 40-50%-ის მოპოვების შემთხვევაშიც კი ქვეყანა მოიგებს რამდენიმე ასეულ მილიარდ დოლარს.
2005 წლამდე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ნავთობმომპოვებელი კომპანიის «ანადარკოს» მრჩეველი ვიყავი. ეს კომპანია ნავთობისა და გაზის საბადოების ძებნა-ძიებით სამუშაოებს ზღვაზე ატარებდა. შავი ზღვის ფსკერის აკვატორიაში სამი დიდი სტრუქტურა აღმოვაჩინეთ. აქ ვითარებას ის ართულებს, რომ წყლის სვეტის სიღრმე 1200-1300 მეტრს აღწევს, მაგრამ შეუძლებელი არაფერია, სპეციალური პლატფორმების გამოყენებაა საჭირო. ამ მარაგების გამოთვლამ ცხადყო, რომ შავ ზღვაში გიგანტური საბადოებია.
- ამ ბოლო დროს აფხაზეთში არსებული მარაგებით რუსული კომპანიები დაინტერესდნენ. ასე დიდი მარაგია აფხაზეთში?
- ოჩამჩირის საბადოს პერსპექტიულობაზე დაბეჯითებით ლაპარაკი გამიჭირდება. ბევრი რამ დასაზუსტებელია. გუდაუთის რაიონი კი ცნობილი სტრუქტურაა და ამოსაღებადაც უფრო ხელსაყრელი.
- რატომ არ არის პრიორიტეტული საქართველოში ნავთობის მოპოვება\? სახელმწიფოს პირველი პირები ინტერესს არ იჩენენ...
- ჩვენნაირი ქვეყანა მარტო, დამოუკიდებლად ვერ დაიწყებს ნავთობის ძიებას, ძალზე დიდი თანხებია საჭირო და ვერც ქვეყნის პირველ პირებს ვატყობ დაინტერესებას. მეტიც, საქართველოს პრეზიდენტმა თავის სატელევიზიო გამოსვლებში რამდენჯერმე გაიმეორა, საქართველოში გაზი და ნავთობი არ არისო. საინტერესოა, ვინ აწვდის მცდარ ინფორმაციას? რა ინტერესი აქვთ ამ ძალებს? დDაამტკიცონ, რომ საქართველოში არ არის ნავთობი. თუ ამას შეძლებენ, მე წავალ ქვეყნიდან, არადა ისინი მიბრძანდნენ საქართველოდან. ეს მოQღალატური პოლიტიკაა და სხვა არაფერი.
ბოლო დროს ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ იმერეთის ზედა ნაწილშიც არის ნავთობი. როცა ამის თაობაზე მივმართეთ სახელმწიფო ორგანოებს და მეცნიერული სამუშაოების დაწყება მოვინდომეთ, არც დაინტერესდნენ, რეაგირება არ ყოფილა. ისევ საქართველოს პატრიარქმა მიგვიღო, მოგვისმინა და დაგვაფინანსა. თითქმის ენთუზიაზმით ვიმუშავეთ, - 20 ათას ლარად ჩავატარეთ ამხელა სამუშაო.
- ამის შემდეგაც არ დაინტერესებულან მთავრობაში?
- არა. ამერიკა, ამერიკაო, გაიძახიან... ამერიკაში მეცნიერებსა და ნავთობმომპოვებლებს ავალდებულებენ, გაბურღონ იქ, სადაც იმედიც არ აქვთ. ჩვენ კი 1500-ზე მეტი ნავთობის გამოვლინება გვაქვს. პირდაპირ მიწის ზედაპირზე ამოდის ნავთობი და პატრონი არავინ არის. ეს ქვეყნის დაღუპვაა! «საქნავთობში», რომელიც წლების მანძილზე იქმნებოდა, რესტრუქტურიზაცია ჩაატარეს და საბოლოოდ გაანადგურეს კიდეც. ჯერ სააგენტო შექმნეს, მერე კი სულ დაშალეს და ნავთობის კორპორაციას შეუერთეს, რომელსაც კავშირი არ აქვს ნავთობის მოპოვებასთან. ხელმძღვანელებიც ისეთი დასვეს, ნავთობის ძებნა-ძიებისა არაფერი გაეგებოდათ. მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ერთ ჭაბურღილში მაინც ამოდის ნავთობი, ნავთობის ეროვნულ კომპანიებს ქმნიან, რომ კონტროლი გაუწიონ მისი ქვეყნის წიაღისეულსა და ექსპლუატაციას.
სრულიად უკონტროლოა უცხოური კომპანიების საქმიანობა. რას შვრებიან, რა ძებნა-ძიებით სამუშაოებს ატარებენ საქართველოში, კაცმა არ იცის. ასეთ სტრატეგიულ საკითხებს ყველა ქვეყანაში სახელმწიფოს პირველი პირები ხელმძღვანელობენ და აკონტროლებენ.
მამუკა არეშიძე,, ექსპერტი: - ის აჟიოტაჟი, რომელიც ამ ბოლო დროს აფხაზეთის საბადოებზე დაიწყო, პიარკამპანია მგონია.
ოჩამჩირის საბადო მიუდგომელ ადგილასაა და მისი ექსპლუატირება უახლოეს მომავალში მაინც შეუძლებელი მგონია. იმ ადგილას, სადაც ნავთობი უნდა მოიპოვონ, რუსების გეგმით, შავი ზღვის ფლოტი უნდა განლაგდეს. გარდა ამისა, როგორ ფიქრობთ, აფხაზეთის გაძლიერება რუსეთს ხელს აძლევს? ასეთ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, აფხაზეთმა მართლა მოითხოვოს დამოუკიდებლობა. რუსეთი ასჯერ აწონის, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამს.
- მეცნიერები ამტკიცებენ, რომ საქართველოში ნავთობის დიდი მარაგია, მაგრამ სახელმწიფო დიდ დაინტერესებას არ იჩენს.
- ნავთობის ახალი საბადოების აღმოჩენა და გახსნა ხშირად ტრანსნაციონალურ კომპანიებს არ უნდათ. არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს ტიპის ქვეყნებს საგანგებოდ ინახავენ, რომ მომავალში გამოიყენონ. არის სხვა ვარაუდიც, - შესაძლოა, ნავთობის საბადოების გახსნა ზოგიერთი ქვეყნის ინტერესს არ პასუხობდეს. ნავთობმომპოვებელი ქვეყანა ხომ ენერგოდამოუკიდებელი გახდება?
ჯერ კიდევ მჟავანაძის დროიდან საბჭოთა ხელისუფლებამ კარგად იცოდა, რომ საქართველოში ნავთობის მარაგი იყო, მაგრამ მაშინ ცენტრალურმა ხელისუფლებამ სამუშაოების დაწყებას ხელი შეუშალა, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვის სურვილი ყველამ კარგად იცოდა. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველოში ნავთობის მოპოვება და ფართოდ დამუშავება არ განვითარებულიყო.
წარმოიდგინეთ, საქართველო რომ ნავთობმომპოვებელი ქვეყანა იყოს, ჩვენ ბევრად უფრო მტკიცე პოზიციები გვექნებოდა. სწორედ ამის გამო აქვს აზერბაიჯანს დიდი პოლიტიკური წონა საერთაშორისო ასპარეზზე. ჩემი აზრით, საქართველოში საქმე ნავთობის მოძიება-გაბურღვაზე წინ ჯერ არ წავა.
საქართველო ძალზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა, როგორც ენერგეტიკული, ასევე სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით. ახლა ჩვენს ხელში ჩასაგდებად არა მარტო ამერიკა და რუსეთი იბრძვის. ნუ დაგვავიწყდება ნაბუკოს პროექტი. მას შემდეგ, რაც რუმინული და ნორვეგიული ნავთობის დამუშავებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, რატომ არ უნდა ჰქონდეს ევროპას ჯიბეში შენახული საქართველო? აზერბაიჯანულ ნავთობს ვეღარ დამალავ, რადგან იქ ნავთობის ამოღება XIX საუკუნიდან მიმდინარეობს. მსოფლიო ენერგეტიკული ომის ფონზე კი საქართველო ძალიან მომგებიანი ლუკმაა. ამ ბრძოლაში მთავარ მოთამაშეებად მაინც ტრანსნაციონალური კომპანიები განიხილებიან. სწორედ ისინი მართავენ მსოფლიოს და ქმნიან მსოფლიო პოლიტიკას. დიდი ბრიტანეთის, ამერიკის, ჩინეთისა და იაპონიის კომპანიების ხვედრითი წილი ამ ბიზნესში ძალზე მაღალია. ეს ქვეყნებია სამომავლო ფინანსური ცენტრები. ტრანსნაციონალური კომპანიებისა და დიდი ქვეყნების ინტერესების უკან ევროკავშირიც დგას.
P. S. დღეს უკვე ცხადია, რომ მსოფლიოსთვის საქართველო მეტად მნიშვნელოვანი ქვეყანაა, მაგრამ ჩვენი ეროვნული ინტერესები სადღაა, ვინ იცავს მათ?
ხათუნა პაიჭაძე
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















