სიახლეები
საკვირაო ქადაგება
30/09/2012
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!
სახარებაში ვკითხულობთ: “სადაც არის საუნჯე შენი, იქ არის გული შენი”. უდიდესი საუნჯე, რაც კი საქართველოს გააჩნია, ეს ის წმიდა ნაწილებია, რომლებიც მეუფე კალისტრატემ ჩამოიტანა სალოცავად ქუთაისიდან და თქვენ წინაშე ბრძანდება. იქვეა წარწერები, თუ ვისი ნაწილებია. კრძალვითა და ლოცვით უნდა მიხვიდეთ და ემთხვიოთ მათ. ჩვენ ჩამოვიტანეთ ეს წმიდა ნაწილები იმისათვის, რომ ღმერთმა მიანიჭოს საქართველოს “ქვეყანასა ზედა მშვიდობა, კაცთა შორის სათნოება”. თქვენ იცით, ეს ანგელოზთა საგალობელია. როცა იშვა მაცხოვარი, სახლში აღნიშნული საგალობელი ისმოდა და პირველად ეს მწყემსებმა გაიგეს. “დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება”. ეს არის ის, რაც უნდა ვაკეთოთ ჩვენ. თუ ვიქნებით ღმერთის ერი, თუ ვადიდებთ უფალს, თუ გული იქნება ტაძარი სულისა წმიდისა, ამ შემთხვევაში იქნება ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.
ხვალ არჩევნებია და მე მინდა მოგმართოთ ყველას, მთელ საქართელოს, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, რომ ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ არჩევნებში. ასეთი რთული მზადება ჯერ არ ყოფილა ჩვენთან. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არჩევნები არის მეტად მნიშვნელოვანი და ჩვენ ველოდებით, რომ არ იქნება დარღვეული, გაყალბებული. ხალხს ვინც სურს, ის უნდა იყოს არჩეული.
ძველი რომაელები ამბობდნენ: “ხმა ერისა, ხმა ღვთისა”. რა თქმა უნდა, სიმშვიდე უნდა იყოს შენარჩუნებული. ეს არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი, რომ ჩვენმა ერმა და ხალხმა გაიხაროს. სამართალი არის საფუძველი მშვიდობისა და შევთხოვთ უფალს, მოგვმადლოს ეს სიბრძნე, რომ დავიცვათ სამართალი. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ უკან არის უფალი, ზეციური სამყარო, ზეციური საქართველო და ჩვენი სამშობლო მიწიერი. რა უნდა ვუთხრათ ჩვენს წინაპრებს, თუ დარღვეული იქნება? ისინი არ გვაპატიებენ ჩვენ. რა უნდა ვუთხრათ უფალს, რომელიც განაგებს ქვეყანას?!
ღმერთმა დაგლოცოთ! იმედი მაქვს, რომ არჩევნები ჩატარდება მშვიდობიანად. არ იქნება არავითარი წინააღმდეგობა და მოიგებს ის, ვისაც ხალხი ენდობა. დღეს წმიდა ნაწილებითა და ძველი ხატებით ჩვენი სამღვდელოება შემოუვლის მთელ სქართელოს თვითმფრინავით და შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.
ჩვენთან არს ღმერთი!
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ.
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ამინ!
ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა, მშვიდობა ქვეყანასა ზედა და კაცთა შორის სათნოება. ამინ!
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
30.09.2012
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















