სიახლეები
პატრიარქის შეხვედრა სტუდენტებთან
26/09/2012
გუშინ, 25 სექტემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სასულიერო სემინარია-აკადემიისა და სხვა სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა.
კათოლიკოს-პატრიარქმა შეხვედრაზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვილა. კერძოდ, იმ დაჭერებზე, რომელიც ამ დღეებში განხორციელდა და ხორციელდება; ჯანმრთელობის მხრივ მძიმე მდგომარეობაში მყოფ პატიმრებზე, საერთოდ პატიმრებისადმი მოპყრობაზე, ცოდვის სიმძიმესა და სხვა საკითხებზე. პატრიარქმა აღნიშნა, რომ როგორი დამნაშავეც არ უნდა იყოს ესა თუ ის ტუსაღი, მისი წამება და ღირსების შელახვა ყოვლად დაუშვებელია.
"ამბობენ, რომ იმართლებენ თავს ვინც ამას აკეთებს, ვინც სტანჯავს, ვინც აწამებს, რომ ისინი მკვლელები არიან, ისინი ცუდის გამკეთებლები არიან. მე არაერთხელ გავაფრთხილე ქალბატონი კალმახელიძე, რომ დედობა გაუწიე-მეთქი პატიმრებს, პატიმრებს ნუ აწამებთ-მეთქი. ასევე, სხვა თანამშრომლებს ვაფრთხილებდი, მაგრამ, ალბათ, ეს არ იყო საკმარისი და ისინი მაინც აგრძელებდნენ და აგრძელებენ აი, ამ საშინელებას. ვერაფრით ვერ გამართლდება ადამიანი, რომელიც ამას აკეთებს. ეს არის დანაშაული და უდიდესი ცოდვა წინაშე ღვთისა და ხალხის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ადამიანმა გააკეთა ეს საშინელება, უნდა მოინანიოს და თუ არ მოინანია, ეს ცოდვა გადადის თაობიდან თაობაზე. წინაპრების ცოდვა მოეკითხება შვილებს და შვილთა შვილებს. ცოდვა ეს ხორცმეტია. ცოდვა ამონავებს ადამიანს და საშიში მდგომარეობაა მაშინ, როცა ცოდვა ხდება შენთვის სასიამოვნო. როცა ადამიანი კმაყოფილდება და ურიგდება ცოდვას. ზოგიერთი ვერ გრძნობს ამ ცოდვების სიმძიმეს და იმართლებს თავს და პირიქით, ისეთი შემთხვევაც კი არის, რომ ამბობენ, არჩევნები გაივლის და მერე ჩვენ გიჩვენებთ, რასაც გავაკეთებთ. არიან უკვე ახალი პატიმრები, აპატიმრებენ ვინც აქტიურად ლაპარაკობს ამის შესახებ და მე მინდა, მივმართო ჩვენს ხელისუფლებას, რომ ეს ხალხი, ახლად დაპატიმრებულები უნდა გამოუშვან, ასევე ავადმყოფები, იმიტომ, რომ ეს ქმნის ახალ ტალღას, წინააღმდეგობას, მტრობას", - ბრძანა პატრირქმა.
მისმა უწმინდესობამ აღნიშნა, რომ ეკლესია დიდი ხანია, აყენებს საკითხს ციხეში ციხის მოძღვრის, - კაპელანის დანიშვნის შესახებ, რაც დღემდე არ არის დადებითად გადაწყვეტილი. მართალია, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში სასულიერო პირები ხშირად დადიან, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც მოძღვარს მეტი სოციალური დატვირთვა და ზედამხედველობის უფლება აქვს.
"ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ ხელისუფლებას, რომ ნება დაერთოთ და მუდმივად დაგვენიშნა კაპელანები, მოძღვრები ციხეში და ამაზე უარი გვითხრეს. მე მინდა გითხრათ, რომ არ უნდა ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი არ დაიღუპება, გამოვა ამ მძიმე ცოდვებიდან იმიტომ, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია", - ბრძანა უწმინდესმა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















