სიახლეები
სადღესასწაულო ქადაგება
28/08/2012
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.
ჩვენთან არს ღმერთი.
ყველას გილოცავთ მარიამობას, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ლოცვა და მფარველობა არ მოგკლებოდეთ თქვენ და მთელს მსოფლიოს.
ქართველი ადამიანი არაჩვეულებრივია, იგი დაჯილდოებულია ღვთისაგან მრავალი სათნოებით, სიკეთით. რა დავიმსახურეთ ჩვენ ამისთანა? თუნდაც ის, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთსმშობლისა. ვართ კი ღირსნი ამისი? რა თქმა უნდა – არა, მაგრამ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა დედამ ნებითა ღვთისათა აირჩია ქართველი ერი, რომ საქართველო ყოფილიყო მისი მფარველობის ქვეშ. ჩვენს ისტორიაში მრავლადაა ფაქტები, როცა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გადაარჩია ჩვენი ერი მოსპობის, განადგურებისაგან.
მრავალი ერი და ქვეყანა ყოფილა ჩვენზე ძლიერი, მაგრამ დღეს აღარ ჩანს მათი კვალიც, აღგავა დრომ პირისაგან მიწისა. მაგრამ, როცა ადამიანს ეძლევა დიდი მადლი, ჩვენ უნდა დავაფასოთ ეს. ყოველთვის კი არ უნდა ვთხოვდეთ უფალს, ღვთისმშობელსა და წმიდანებს, არამედ მადლობა უნდა შევწიროთ იმ დიდი წყალობისათვის, რომელსაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გვიგზავნის.
მრავალი შემთხვევა ყოფილა როცა ჩვენი ერი უფსკრულის პირას მისულა, არამარტო მისულა ჩაუხედავს კიდეც მასში მაგრამ ამ დროს ყოვლადწმიდა დედა ყოველთვის ეხმარებოდა და გადაარჩენდა ხოლმე საქართველოს განადგურებისაგან.
დღესაც მრავალი სირთულეა მსოფლიოსა და საქართველოს წინაშე, მაგრამ არ უნდა შეგვეშინდეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა არ დაუშვებს, რომ საქართველო განადგურდეს.
ჩვენ ახლა საპარლამენტო არჩევნები მოგვიახლოვდა. მე მინდა, გთხოვოთ ყველას, მთელ საქართველოს, რომ ლოცვები გავაძლიეროთ. მოძღვრებს მინდა, ვთხოვო, რომ ტაძრებში ყოველ დღე შეასრულონ წირვა-ლოცვები. ერის ადამიანებმა სახარება და ფსალმუნები იკითხონ და ღვთისმშობელი დედა არ დაუშვებს, რომ ცუდი რამ დაემართოს საქართველოს. დალოცვილი და გახარებული იყავით.
ჩვენთან არს ღმერთი!
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
თბილისის სიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრი
28.08.2012
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















