სიახლეები
საკვირაო ქადაგება
27/08/2012
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.
ჩვენთან არს ღმერთი.
საოცარი თვისება აქვს ადამიანს. ის თავისი ცხოვრების განმავლობაში სულ რაღაცას აგროვებს. მახსოვს, ჩემს ბავშვობაში ფოსტის მარკებს ვაგროვებდით. ზოგი კი ფულს აგროვებდა… უფალი ამბობს: “სადაც არის საუნჯე შენი, იქ იქნება გული შენი.” ადამიანი ზედმეტად ფიქრობს იმ ნივთებზე, საუნჯეზე, რაც მან დააგროვა. ერთ-ერთ ეპისტოლეში მოხსენიებული მაქვს ამერიკელი მდიდარი ქალბატონის სიკვიდლის წინა თხოვნის შესახებ. მან უძვირფასესი კაბა მოატანინა, ხელი მოავლო მას და დამწუხრებულმა თქვა: მე უნდა ვკვდებოდე, ეს კაბა კი აქ უნდა რჩებოდეს?! ქალბატონმა ისე ჩაჭიდა კაბას ხელი, ვეღარ წაართვეს, კაბა მაკრატლით შემოაჭრეს, მისი ნაწილი კი გარდაცვლილმა სამარეში წაიღო. ასეთი მაგალითი ბევრია…
ვაგროვებთ, მაგრამ ვის ვუგროვებთ არ ვიცით. ხშირად შვილებს ვუგროვებთ და ვუტოვებთ, თუმცა მათ როგორც მიიღეს, ისევ ქარი წაართმევთ და არ დააფასებენ თქვენს შრომას.
დღევანდელი სახარება გვეუბნება: უფალთან ახალგაზრდა ჭაბუკი მივიდა, რათა გაეგო, რა გაეკეთებინა იმისათვის რომ სასუფეველი დაემკვიდრებინა… მაცხოვარი პასუხობს: არა იმრუშო, არა იპარო, არა ცილი სწამო, პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა. ეს ჭაბუკი ძალიან მდიდარი იყო და უფალმა მას ურჩია გაეყიდა მთელი თავისი ქონება, დაერიგებინა ღარიბებისთვის და მას გაჰყოლოდა. ჭაბუკი დამწუხრდა და წავიდა, რადგან ძალიან მდიდარი იყო. უფალი თითქოს ჩვენს თანამედროვე ადამიანებს ხედავდა… უნდა ვიცოდეთ, სად არის ზღვარი, რა უნდა ვაკეთოთ, ვიუნჯოთ, რა შევაგროვოთ და რისთვის. ხშირად საუნჯე რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში შეგიგროვებია, მხოლოდ საფლავის კარამდე, სამარემდე მიგაცილებს. მერე რჩება… იყო შემთხვევა, დარჩენილ ქონებაზე ჩხუბი ატყდა და ერთი ადამიანის სიცოცხლეც შეიწირა. უნდა გვახსოვეს რისთვის მოვედით, რას წავიღებთ იქ და სად მივდივართ…
ღმერთმა ინებოს, გაგვეხსნას გონება, ყოველმა ჩვენგანმა დაინახოს, სად არის და რა არის ჩვენი საუნჯე. ეს ის საუნჯეა, რომელიც მიგაცილებს სამარის კარამდე თუ – გამოგყვება საიქიოს.
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა ყველას მოგვცეს ისეთი სულიერი საუნჯე, რომელიც საიქიოს წამოვა.
ჩვენთან არს ღმერთი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
26.08.2012
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















