სიახლეები
IV საერთაშორისო ფესტივალი 'ღამის სერენადები'
23/08/2012
IV საერთაშორისო ფესტივალი “ღამის სერენადები" წელს 25-დან 28 აგვისტოს ჩათვლით აჭარაში, გონიოს ისტორიული ციხესიმაგრის ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ ჩატარდება. ფესტივალის დამფუძნებელი, ქ. ბათუმის მერიასთან ერთად, არის მისი უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი გამოჩენილი ქართველი მევიოლინე და დირიჟორი ქალბატონი ლიანა ისაკაძე. ქალბატონ ლიანასთან ერთად ფესტივალში უკვე მეორედ მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო ანსამბლ-ორკესტრი “ფეისბუქის ვირტუოზები”, ასევე მსოფლიოში აღიარებული დირიჟორი ემანუელ ლედიუკ-ბარომი (საფრანგეთი), ანდრეი გავრილოვი (შვეიცარია), ივან მონიგეტი (შვეიცარია), იური ჟისლინი (ინგლისი), ალისა მარგულისი (გერმანია), დევიდ ბარნეტი (აშშ) და სხვ.
სახელგანთქმული ვირტუოზებით დაკომპლექტებული ორკესტრი ოთხ კონცერტს შესთავაზებს მსმენელს. აღსანიშნავია, რომ ეს მუსიკოსები ასევე სოლისტებადაც წარსგებიან. ერთ-ერთ საღამოზე კი, გასული წლის მსგავსად, განხორციელდება ლიანა ისაკაძის ცნობილი პროექტი “მუსიკოსები ხუმრობენ”.
IV ფესტივალი ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს აღსაყდრებიდან 35-ე წლისთავს.
საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალ “ღამის სერენადებს” საფუძველი XX საუკუნის 80-იან წლებში ლიანა ისაკაძემ ჩაუყარა. მან 1982 წელს საქართველოს უმშვენიერეს მხარეში - აფხაზეთში დააარსა ეს ფესტივალი, რომელიც ზაფხულობით ბიჭვინთაში იმართებოდა და უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა.
ფესტივალი ყოველწლიურად საქართველოს სახელმწოფო კამერული ორკესტრის ბაზაზე იმართებოდა. მას სტუმრობდნენ გამოჩენილი მუსიკოსები როგორც საბჭოთა კავშირიდან, ასევე უცხოეთიდან. მათ შორის იყვნენ ალფრედ შნიტკე, კურტ მაზური, გიდონ კრემერი და სხვ.
სამწუხაროდ, 1991 წელს ფესტივალმა თავისი არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, ქ. ბათუმის მერიის და უშუალოდ ვიცე-მერის ქალბატონ ნათია სურგულაძის ხელშეწყობით, შავიზღვისპირეთის ულამაზეს ქალაქ ბათუმში აღდგა. ფესტივალი, რომელსაც კვლავ“ღამის სერენადები” ეწოდა, ღირსეულად აგრძელებს ბიჭვინთის ფესტივალის შესანიშნავ ტრადიციებს და ტარდება ღია ცის ქვეშ გონიოს ისტორიული ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე (ძვ. წ. აღ. V ს.).
ფესტივალის ლოგოტიპის იდეის ავტორი თავად ლიანა ისაკაძეა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ბათუმის III საერთაშორისო ფესტივალზე შედგა ლიანა ისაკაძის ახალი იდეის პრეზენტაცია. კერძოდ, 2011 წელს ინტერნეტის სოციალური ქსელის Facebook-ის საშუალებით მასთან დამეგობრებული მუსიკოსები გააერთიანა და შექმნა საერთაშორისო ანსამბლი-ორკესტრი “ფეისბუქის ვირტუოზები”, რომელიც იმთავითვე ფესტივალის “ღამის სერენადების” საბაზო კოლექტივი გახდა.
2011 წელს ამ ფესტივალის პარალელურად, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახ. თეატრში ჩატარდა ლიანა ისაკაძის თაოსნობით დაარსებული კიდევ ერთი ახალი საერთაშორისო ფესტივალი “ფეისბუქის მეგობრები”, რომლის გენერალური მენეჯერია გერმანიაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი და პედაგოგი გიორგი ისაკაძე. 2012 წელს ბათუმში კვლავაც შეიკრიბებიან ფეისბუქში გაერთიანებული მუსიკოსები და უკვე მეორედ გამართავენ საერთაშორისო ფესტივალს “ფეისბუქის მეგობრები”, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან ხელოვანთა გაერთიანებას.
ფესტივალი “ღამის სერენადები” ტარდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ქ. ბათუმის მერიის მხარდაჭერით.
გენერალური სპოინსორია – საქართველოს ბანკის სოლო მომსახურება.
სპონსორები: კომპანია “ალბატროსი”; კომპანია ”IDS ბორჯომი საქართველო”; პოლიგრაფიული ფირმა “ფავორიტი +”; სასტუმრო ბათუმში “ერა პალასი”; კომპანია “ალგორითმი”.
მედია პარტნიორები: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; რადიო “მუზა”; აჭარის ტელევიზია.
საინფორმაციო მხარდაჭერა: საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება”; “პალიტრა მედია”; რადიო “ივერია”; გაზეთი “Georgia To Day”.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















