Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Nine Brothers Kherkheulidze

ცხრა ძმა ხერხეულიძე

16/08/2012

3 აგვისტოს (16 აგვისტო ახალი სტილით) საქართველოს მართნადიდებელი ეკლესია მარაბდის ომში რწმენისა და სამშობლოსათვის თავგანწირულთა - ცხრა ძმა ხერხეულიძეთა, დედისა და დისა მათისა და მათთანა 9000 ქართველთა, მხედართა და მხედართმთავართა (1625) ხსენების დღეს აღნიშნავს.

1625 წელს ქართველებს ორჯერ მოუხდათ ბრძოლა შაჰ-აბასის არმიის წინააღმდეგ. პირველი ბრძოლა 25 მარტს, ხარება დღეს, მარტყოფის ველზე გაიმართა და ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა. მტრის 30 ათასიანი ლაშქრიდან, ცოცხალი მხოლოდ 3 ათასი გადარჩა. 40 წლის მანძილზე ირანს ასეთი მარცხი არ განუცდია, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ, 1 ივლისს, შაჰ-აბასის ლაშქარი ისა-ხან ყორჩიბაშის მეთაურობით, კვლავ მოადგა საქართველოს. ამჯერად ბრძოლა გაიმართა მარაბდის ველზე. შეტევაზე ქართველები გადავიდნენ თეიმურაზ I-ის მეთაურობით. მათი შეჩერება შეუძლებელი გახდა. ბრძოლაში სამღვდელოებაც მონაწილეობდა. მტრის ჯარი აირია, ნაწილმა ბრძოლის ველი მიატოვა. ქართველების ერთი ნაწილი გაქცეულებს დაედევნა და ბრძოლის ადგილს მოსცილდა. მეორე ნაწილი მტრის ალაფს ინაწილებდა და ბრძოლა მოთავებული ეგონა. სწორედ ამ დროს ბრძოლის ველზე ყიზილბაშთა ახალი ძალა შემოიჭრა. ამას ზედ ისიც დაერთო, რომ ბრძოლაში დაიღუპა თეიმურაზ მუხრანბატონი, მაგრამ ხმა გავრცელდა თეიმურაზ მეფე მოკლესო. ეს ყველაფერი ერთმანეთს დაემატა, შეთხელდა ივერიელთა რიგები. 9 ათასი ქართველი დაეცა ბრძოლის ველზე. მათ შორის დავით ჯანდიერი, აღათანგ ხერხეულიძე, ბაადურ ციციშვილი, ხარჭაშნელი და რუსთველი ეპისკოპოსები, ცხრა მაჩაბელი, შვიდი ჩოლოყაშვილი. ქართულმა დროშამ ცხრა ძმა ხერხეულიძის ხელში გადაინაცვლა, მაგრამ ცხრავე ბრძოლის ველზე დაეცა. დროშა კი მათი ნაბოლარა დის ხელში გადავიდა და როცა იმანაც ჩაიმუხლა, ხერხეულიძეების დედამ აღმართა საქართველოს დროშა, როგორც უკვდავების სიმბოლო.

გადმოცემით, მარაბდის ბრძოლაში გმირულად დაღუპული მებრძოლები დაკრძალულნი არიან სოფელ ძველი მარაბდის განაპირას, წმ. მარინეს ეკლესიის მახლობლად. ცხრა ძმა ხერხეულიძის საარაკო გმირობის ამბავი ფართოდ არის ასახული ქართულ ზეპირსიტყვიერებაში. მათ თავდადებას ლექსები მიუძღვნეს ლადო ასათიანმა, სიმონ ჩიქოვანმა და სხვა პოეტებმა.

ქართულმა ეკლესიამ ძმები ხერხეულიძეები, მათი ნაბოლარა და, დედა და მარაბდის ველზე გმირულად დაღუპული 9 ათასი ქართველი წმინდანად შერაცხა.

ცხრა ძმა ხერხეულიძე

ეს გაფრენილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია?
ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია?!
საით წავიდნენ ვაჟები, რად მიატოვეს რაშები,
რაშები თამაშ-თამაშა, ომებში ნათამაშები?!
მაინც ეს ერთი თეთრონი რა გულსაკლავად ჭირვინებს,
ბედშავო, ვისაც ეძახი, ვაი რომ ვეღარ იხილე!
იმისი სული მტრედივით ცაში გაფრინდა ლაღადა,
აღარ გყავს შენი პატრონი, ხერხეულიძე აღათანგ!
ეს მშობლიური ქარია ჩვენი ალგეთის ველების
თუ სუნთქვა ქარბუქიანი ფაფარაყრილი მერნების?
მერნებო, ველურ ფლოქვებით მიწა ამაოდ დატორეთ,
ამაოდ გაფიცხებულხართ, ამაოდ უხმობთ პატრონებს,
ფოლადის ბეგთარიანებს ბნელში ამაოდ დაეძებთ:
ისინი მამულისათვის მარაბდის ველზე დაეცნენ!
ერთი მათგანი დაჭრილი უბეში დროშას მალავდა,
იწვა სისხლისგან დაცლილი… კურთხეულ იყოს მარაბდა!
ეს აწეწილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია?
ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია? –
დაწრიალებენ, დაძრწიან ქაფმორეული ლაშებით…
მხედრებო, ასე უღმერთოდ რად მიატოვეთ რაშები?!

ლადო ასათიანი

1942 წ.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced