Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


St. Marina

წმინდა დიდმოწამე მარინე

30/07/2012

დღეს, 30 ივლისს (17 ივლისი ძვ. სტილით), მართმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე მერინეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმინდა დიდმოწამე მარინე პისიდიის ანტიოქიაში დაიბადა, წარმართი ქურუმის ოჯახში. დედა ადრევე გარდაეცვალა და მამამ მისი აღზრდა გამდელს მიანდო, რომელმაც წმინდა ქალწული ქრისტიანული სარწმუნოების ერთგულად აღზარდა.

იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს ქრისტიანობის სასტიკი დევნა დაიწყო. ანტიოქიაში ქრისტიანების დასასჯელად მიმავალი ეპარქი ოლიმბრი გზად თხუთმეტი წლის მარინეს გადაეყარა და შეიტყო, რომ ქალწული ქრისტეს აღმსარებელი იყო და მონათვლასაც აპირებდა. მაშინ ოლიმბრმა წმინდა მარინეს გადაბირება იწყო, რადგან მისი სილამაზით მოხიბლულს წმინდა მარინეს ცოლად შერთვა სურდა. მაგრამ რა ნახა, ქალწულს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ქრისტეს ერთგულება, შეიპყრო და სამსჯავროს წინაშე წარადგინა, სადაც წმინდა მარინეს კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. მიუხედავად სასტიკი წამებისა, იგი ვერ გატეხეს. ბოლოს მმართველის ბრძანებით გაკოჭილი მარინე წყლით სავსე კოდში ჩააგდეს დასახრჩობად. მოწამე უფალს სთხოვდა, ეს შეერაცხა მისთვის ნათლისღებად. მართლაც, მოხდა სასწაული. მოულოდნელად წმინდანი ღვთაებრივმა ნათელმა მოიცვა, საკვრელები თავისით შეიხსნა და თავს ზეციდან გარდამომხდარი თეთრი მტრედი დაადგა, რომელსაც ნისკარტით ოქროს გვირგვინი მოჰქონდა. ამ სასწაულმა განაცვიფრა ხალხი, ბევრმა ირწმუნა და აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. ეპარქი გააფრთდა და ყველას ამოჟლეტა ბრძანა. წმინდა მარინეს კი თავი მოჰკვეთეს.

ჯვაროსნების მიერ 1204 წელს კონსტანტინოპოლის აღებამდე წმიდა მარინეს უხრწნელი ნაწილები პანტეპონტის მონასტერში განისხვენებდა. სხვა ცნობებით, 908 წლამდე ისინი ანტიოქიაში ესვენა, აქედან კი იტალიაში გადააბრძანეს. ათონზე, ვათოპედის მონასტერში დაცულია დიდმოწამის ერთი მკლავი; მეორე კი საქართველოში, ზუგდიდის მუზეუმშია დასვენებული.

წმინდა დიდმოწამე მარინეს ტროპარი:

ტარიგი შენი, იესუ, მარინე ხმობდა ხმითა მაღლითა, შენდა მსურის, სიძეო ჩემო, და შენითა ძიებითა დავსთხევ სისხლთა ჩემთა, და თანა ჯვარს ვეცმი, და თანა დავეფლვი შენდა ნათლისღებითა და მელმის შენთვის, რათა ვსუფევდე შენთანა და მოვსწყდები სახელისა შენისათვის, რათა ვიდიდოცა შენ თანა, არამედ ვითარცა მსხვერპლი უბიწო მიმითვალე, რომელი სურვილით მოვივლტი შენდა, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

კონდაკი:

ქალწულებისა სიკეთითა განშვენებულმან, ქალწულო, და წამებისა ღვაწლითა გვირგვინოსანმან, მარინე, სისხლითა ღვაწლთათა სხურებულმან, და კურნებათა საკვირველებითა განბრწყინვებულმან, კეთილ-მსახურებით მიითვალენ, მოწამეო, ძლევისა ნიჭნი ღვაწლთა შენისათანი.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced