სიახლეები
საკვირაო ქადაგება
29/07/2012
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი.
ადამიანის ცხოვრება ურთულესი პროცესია, არ შეიძლება მარტივად წარმოვიდგონოთ მისი ცხოვრება. ადამიანი ვერც მისწვდება ბოლომდე – თუ რა არის მისი სულიერი თუ ფიზიკური არსი. შეიძლება არც არის საჭირო, იმიტომ, რომ უფალმა იცის, რომელიც არის შემომქმედი ცათა და ქვეყანისა და თვით ადამიანისაც. მაგრამ ჩვენ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანისთვის ღვთის არსი და ღვთის განგება მიუწვდომელია. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ განვსაზღვროთ ის, თუ როგორ გამოვლინდება ღვთის ძალა ადამიანში, დედამიწაზე, მცენარეებსა თუ ცხოველებში და მეტი არაფერი.
ჩვენ ისიც ვიცით, რაც თქვა წმიდა იობმა წინასწარმეტყველმა, მართალმა იობმა ბიბლიიდან. ის კი არ ამბობს, რომ ადამიანის ცხოვრება განსაცდელია დედამიწაზე, ის კითხვას სვამს – გასაცდელი, გამოცდა ხომ არ არის ადამიანის ცხოვრება დედამიწაზე? წმიდა იობმა გამოიარა ისეთი მძიმე, რთული ცხოვრება, რომ მხოლოდ კითხვის ფორმით ამბობს, – გამოცდა ხომ არ არისო? და მართლაც, ყველაფერი, ყოველი დღე ჩვენი გამოცდაა, თუნდაც ავიღოთ აბრაამის ცხოვრება.
როცა წმიდა, მართალ აბრაამს უფალმა უბრძანა: შენი შვილი მსხვერპლად უნდა მოიყვანო, დაჰკლაო, აბრაამი არ დაეჭვებულა, წაიყვანა შვილი ისააკი მთაში და არაფერი არ უთხრა მას. როცა ისააკი ეკითხება, რომ მამაო მსხვერპლი სადღა არისო, რაც უნდა მოუტანო უფალსაო. ღმერთი გამოგვიჩენსო და მართლაც როცა აბრაამმა შეკრა თავისი შვილი და ასწია მახვილი და როდესაც უნდა დაერტყა მისთვის ანგელოზმა გააჩერა მისი ხელი და უთხრა: “ღმერთი ხედავს შენს რწმენას, ერთგულებას, ცხვარი, რომელიც იყო დაბმული ჯაგებში მოიყვანე და ის დაკალიო”.
მინდა ვთქვა, რომ ყოველი ჩვენგანის ცხოვრება გამოცდაა. განსაკუთრებით ახლა ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ყოველი დღე, ყოველი საათი გამოცდაა ჩვენი. ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა ადამიანს შეუძლია ბევრი სიკეთის და ბოროტების გაკეთებაც.
ადამიანს, რომელსაც გააჩნია ძალაუფლება მას შეუძლია ბევრი სიკეთე და ბევრი ბოროტებაც გააკეთოს. ამიტომ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა სიკეთე გვაკეთებინოს, იყოს ჩვენი მასწავლებელი, წინამძღვარი, დამრიგებელი. თუ ჩვენ გვექნება იმედი და მივეყრდნობით ღვთის ნებას, ყველაფერი კარგად იქნება.
ამიტომ მე მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ, მოახლოებულია ჩვენი პარლამენტის არჩევნები და კამათისა თუ საუბრის დროს, ნუ მიაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას. იქონიეთ მოთმინება, კეთილი გული, სიბრძნე და ისეთი სიტყვა არ უნდა თქვათ, რომ მერე შეგრცხვეთ.
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო, ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო, ამინ!
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
29.07.2012
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















