სიახლეები
წმინდა ფილიმონ ქორიძე
25/07/2012
*ფოტო-სურათზე – ძმები კარბელაშვილები და ფილიმონ ქორიძე
საქართველოს მართლმადიდებელი წმინდა სამოციქულო ეკლესია 25 ივლისს ერისათვის თავდადებული წმინდა ფილიმონ ქორიძის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ხორნაბუჯსა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა წმინდანის სულისადმი სავედრებელი პარაკლისი აღავლინა.
ქართული გალობის მოამაგე, რომელმაც მთელი თავისი მოღვაწეობა ჩვენს ქვეყანაში საგალობლების მოძიებასა და ნოტებზე გადატანას მიუძღვნა, 2011 წლის 20 დეკმბერს, საქართველოს ეკლესიის წმინდა სიონდმა წმინდანთა დასში შერაცხა და მისი ხსენების დღედ 25 ივლისი დაადგინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ტაძარში შეკრებილ მრევლს დღესასწაული მიულოცა და მათ წმინდანის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ესაუბრა. აღსანიშნავია, რომ ერისათვის თავდადებული წმინდა ფილიმონის ხსნებას ეკლესია წელს პირველად დღესასწაულობს. ქართული გალობის უდიდესი მოღვაწე წმინდა ფილიმონი 1835 წელს, ჩოხატაურის რაიონის სოფელ გამოჩინებულში მღვდლის, იესე ქორიძის ოჯახში დაიბადა. სიმღერის განსაკუთრებული ნიჭის გამო, მის მომავალ წარმატებულ კარიერაზე ხშირად საუბრობდნენ. 1855 წელს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის დასრულების შემდეგ, შესანიშნავი სარეკომენდაციო წერილით თბილისის სასულიერო სემინარიაში მიდის. ამასთან ერთად გალობს სასწავლებლის საეკლესიო გუნდშიც. ერთხელ სრულიად შემთხვევით, იტალიელ დირიჟორს მისი ხმა მოუსმენია და ახალგაზრდა მგალობელისთვის იტალიაში წასვლა შეუთავაზებია. ამ მოულოდნელმა შემთხვევამ მომავალი მოღვაწის ცხოვრების გეზი მთლიანად შეცვალა, თუმცა ლა სკალამდე გზა რთული აღმოჩნდა. პროფესიონალი მომღერალი, ფოლკლორისტი და ქართული საოპერო ხელოვნების ფუძემდებელი პირველი ქართველი იყო, რომელიც იტალიას სასწავლებლად ეწვია. ლა სკალას წარმატებული დებიუტი, მოგაზურობა სამხრეთ ამერიკაში , რუსეთში და საუკეთესო ბანის წოდება. წმინდანმა საკუთარი ნიჭით აღიარება მსოფლიო მასშტაბით მოიპოვა. "არ არის ჩვენში ისეთი თეატრი, რომელსაც დიდის ამბითა და პატივით არ მიეღოს ჩინებული ბოხი ხმის პატრონი მომღერალი არტისტი ფილიმონ ქორიძე და არც ისეთი ჟურნალი, რომელსაც არ ექოს ის’’, - ასეთი შეფასებები კეთდებოდა მაშინდელ იტალიურ პრესაში. წარმატებული კარიერის მქონემ და ლა სკალას აღიარებულმა მომღერალმა 1881 წელს, საკუთარი გადაწყვეტილებით ყველა გააოცა, - საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა, თბილისში დასახლდა და მიზნად ქართული საგალობლების მოძიება და გადარჩენა დაისახა. დადიოდა სოფელ-სოფელ და ეროვნული საქმისთვის ძალ-ღონეს არ იშურებდა, ჩაწერილ საგალობლებსა და ხელნაწერებს კი წმინდა ექვთიმე კერესელიძესთან ერთად ინახავდა. საკმაოდ გაუსაძლის პირობებში მოახერხა და თავდადებული შრომისა და ეროვნული მუსიკის უდიდესი სიყვარულის წყალობით გაქრობისგან იხსნა დასავლეთ საქართველოს სამონასტრო სკოლების საგალობელთა უდიდესი ნაწილი. წმინდანი ცხოვრების ბოლო წლებიც ხელნაწერების გამოცემაზე ზრუნავდა, თუმცა 1911 წელს ბახმაროში ცხენით მგზავრობისას დაშავდა და 12 ივლისს გარდაიცვალა. ასეთი თავდადებული მოღვაწეობის გამო საქართველოს ეკლესიამ ფილიმონ ქორიძე წმინდანთა დასში შერაცხა და მას ‘’ერისათვის თავდადებული, წმინდა ფილიმონ მგალობელი უწოდა’’. მის მიერ მოძიებული საგალობლების უდიდესი კოლექცია კი ქართული საეკლესიო გალობით დაინტერესებულ მკვლევარებში დღემდე დიდ ინტესესს იწვევს. თავად წმინდანი კი საკუთარ მოღვაწეობას და გადაწყვეტილებას ასე ხსნიდა. "საოპერო ასპარეზმა დროებით კმაყოფილება მომცა: ვამაყობდი, რომ მე, ქართველმა კაცმა, ჩვენი ქვეყანა ვასახელე, შემდეგ კი დავფიქრდი და დავინახე, რომ გამოჩენილი მომღერლის წარმატება და ბედიც დროებითია, ჩემი დღევანდელი მუშაობა კი - საზოგადო მოღვაწეობაა, შინაარსით სავსე, ჩემი ნამუშევარი ჩაწერილი და დაბეჭდილი არასოდეს არ წაიშლება და ჩვენს ქართულ მუსიკას მაღლა აიყვანს, სხვა ქვეყნების მუსიკას გადააჭარბებს".
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















