სიახლეები
საკვირაო ქადაგება
22/07/2012
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი.
დედამიწაზე ყველაფერი იცვლება – ბუნება, ადამიანი, იცვლებიან ცხოველები, მცენარეები და ეს ღვთის განგებით ხდება. ძველი რომაელები ამბობდნენ: “დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად”. ყველაზე რთული არსება, რომლის გაგება, აღქმა ძნელია ადამიანისთვის ეს გახლავთ თვითონ ადამიანი.
არსებობს მრავალი სასწავლებელი, უნივერსიტი, ინსტიტუტი – ლიტერატურის, ისტორიის, ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკისა და თითქმის არ არის ინსტიტუტი ადამიანის. ბოლოს და ბოლოს უნდა გაიგოს ადამიანმა ვინ არის იგი.
ძველ ფილოსოფოსებს უთქვამს: “შეიცანი შენი თავი”. თურმე, სხვისი შეცნობა უფრო ადვილი ყოფილა, ვიდრე – საკუთარის. როგორ შევიცნოთ ჩვენი თავი? რეალურად უნდა შევხედოთ ჩვენს თავს. მე მითქვამამს თქვენთვის არსებობს სამი სახე: როგორ ხედავს, რას ხედავ ჩვენში სხვა ადამიანი. რას ვხედავთ ჩვენ, ჩვენს თავში და რას ხედავს ღმერთი. სინამდვილეში ვინ ვართ ჩვენ.
ძალიან ხშირად ჩვენ ვპატიობთ ჩვენს თავს საკუთარ ნაკლულევანებას, ცოდვებს, მაგრამ მაინც ვხედავთ ნაწილობრივ. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, როცა ადამიანი ადამიანისთვის მეგობარი კი არ არის, თითქოს მტერია. სინამდვილეში ადამიანი ადამიანისთვის ძმა არის.
ძველი რომაელები ამბობდნენ: “ადამიანი ადამიანისთვის მგელიაო”. ქრისტიანმა ეს არ უნდა თქვას, ყოვლად დაუშვებელია ამ პოსტულატის მიღება.
ჩვენ ვართ ძმები უკვდავი სულით, ღვთის ქმნილება და ჩვენ ველოდებით სასუფეველსა თვისასა.
დღეს ადამიანი ძალიან შეცვლილია იმასთან შედარებით, რაც იყო ის 100-200 წლის წინ. შეცვლილია ადამიანი თავისი ხასიათით, შეხედულებით, აზროვნებით და მთავარი ის არის, რომ ყველაფერი შეცვლილია გარდა სულისა. უკვდავი სული მაინც აქვს მას.რაც უნდა ცოდვებში დაეცეს ადამიანი მაინც ღვთის ქმნილებაა და ღვთის მფარველობის ქვეშ იმყოფება.
დღეს ჩვენ თითქმის ვიღაცამ შეგვცვალა. შეცვლილები ვართ. როგორი სიტყვები, როგორი ლექსი ან სიტყვა უთქვამს ჩვენს წინაპრებს: “რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია”.
დღეს თითქოს ვიღაცამ გამოგვცვალა, ჩვენ თავისუფლად ვეუბნებით ერთმანეთს ისეთ სიტყვებს, რომელსაც არ უნდა ვეუბნებოდეთ. შეურაცხყოფას ვაყენებთ ადამიანს, შემდეგ ვხვდებით და ჩვეულებრივად ვლაპარაკობთ ერთმანეთთან. ეს ხომ სირცხვილია, ადამიანს შეურაცხყოფას აყენებ და მერე თითქოს ვითომ არც არაფერი მომხდარა.
ჩვენი მოსახლეობა პოლიტიზირებული გახდა. პოლიტიკამ თითქოს შეცვალა ქართველი ადამიანი. ასე არ შეიძლება, არც ჩვენთვის და არც სამშობლოსათვის.
უნდა გვახსოვდეს, რომ ფასეულობაა ღმერთი, სამშობლო და ადამიანი; მამული, ენა, სარწმუნოება. ჩვენ ამას უნდა ვიცავდეთ.
არის შემთხვევები, როცა ესა თუ ის სასულიერო პირი ან რომელიმე სხვა პიროვნება გამოთქვამს თავის აზრს და მას უკვე მტრად მიიჩნევენ. ადამიანი ხომ თავისუფალია და აქვს უფლება გამოთქვას საკუთარი აზრი.
ხანდახან საოცარი ხდება, სავსეა ჩვენი პრესა სასულიერო პირების სურათებით, როგორც მეუფე იობი, მამა ტარიელი თუ რა თქვეს, სად თქვეს. თუ რამე თქვეს სადმე, თავისი აზრი გამოთქვეს ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მტრებია. ისინი ისეთივე შვილები არიან, როგორც ჩვენ ყველანი ღვთისა და ჩვენი სამშობლოსი. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ადამიანს აქვს უფლება თავისი ფიქრები გამოთქვას სიტყვით. ამიტომ მე მინდა ვთხოვო ჩვენს ჟურნალისტებს, რომ ამით ნუ ყოფენ ხალხს, ეს არის ხალხის დაყოფა. ყოვლად დაუშვებელია, რომ ჩვენი ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდეს. მაგალითად, თუ რომელიმე სასულიერო პირი მივიდა რაღაც შეკრებაზე, ეს ქვეყანა არ დაიქცევა და არაფერი არ მოხდება ამით. რა თქმა უნდა, სინოდმა დაადგინა და მეც სულ ვამბობ და ვარიგებ ჩვენს სამღვდელოებას, რომ ჩვენი მისვლით თითქოს მხარს ვუჭერთ იმ ხალხს და ხდება დაპირისპირება.
საქართველოს ეკლესიისათვის ყველანი ვისაც არ უნდა უჭერდეთ მხარს, ბრძანდებით სულიერი შვილები. ეს არის მთავრობა, ოპოზიცია თუ რომელიმე პარტიის წევრები. ეს არის ცოდვილი, მართალი, ქურდი თუ ავაზაკი, ყველა ჩვენი შვილია და ეკლესია ვალდებულია, ყველა მიიღოს და დაარიგოს.
მინდა ყველას მამაშვილური სიყვარულით გთხოვოთ, როცა რამეს ლაპარაკობთ უნდა გახსოვდეთ, რომ ჩვენს უკან ჩვენი სამშობლოა, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ სამშობლოს, მაგრამ ამ გამოთქმაში უნდა გქონდეთ რაღაც ზღვარი, როგორ უნდა გამოთქვათ.
ზოგი ლაპარაკობს და მერე ფიქრობს, სინამდვილეში ჯერ უნდა ვიფიქროთ და მერე ვილაპარაკოთ.
ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა დაგამშვიდოთ. ღმერთმა დაამშვიდოს სრულიად საქართველო.
ჩვენთან არს ღმერთი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
22.07.2012
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















