Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


3Dows

ოდა ღმერთი

04/07/2012

გავრიილ დერჟავინი

ოდა ღმერთი

შენ, ვინც სივრცით ხარ უსასრულო სამარადისოდ,

ნივთიერების მოძრაობა შენით არ ქრება,

დროის დინებით სამუდამო და მარადისო,

უსახოვ, მაგრამ მოვლენილო ღვთიურ სამებად!

სული, რომელიც ყველგან სუფევს, არის ისეთი,

რომ არც ადგილი გააჩნია და არც მიზეზი,

მას ვერასოდეს ვერვინ ჩასწვდა, ის არის ერთი,

ვისით აღვსილა ყველაფერი, და თვით ყოველი,

ყოვლისმომცველი, ყოვლის მცველი და შემომქმედი,

ვისაც რომ მუდამ ჩვენ ვახსენებთ სახელით - ღმერთი.

შეძლოს, გაზომოს სიღრმეები ოკეანეთა,

ქვიშა დათვალოს, პლანეტების აღრიცხოს სხივნი,

მაღალი გონი კაცის ამას კი მიაღწევდა, -

შენ არც საზომი გაგაჩნია და არცა რიცხვი!

აროდეს ძალუძთ დიად სულებს განათლებულებს,

შენივე შუქით ქვეყანაზე დაბადებულებს,

შენს ბედისწერას რომ მოარგონ ნიჭი შეცნობის:

ეს მხოლოდ ფიქრი, ფიქრი ბედავს შენსკენ ილტვოდეს, -  

შენს დიდებაში რომ გაქრება, დე, ეს იცოდეს,

ვითარცა წამი გარდასული მარადისობის. 

როს ამოზიდე უფსკრულიდან მარადიულის

ყოფნა ქაოსის, გაუსწარი დროთა დინებას,

თვით სიცოცხლემდე გაჩენილი მარადიული

შენშივ რომ იქმენ, სამუდამოდ შენში იქნება.

შენით შეავსე, შეადგინე შენივ არსება,

შენით აშუქებს შენეული ისევ ნათება.

მოიმოქმედე შენ ყოველი მყის ერთი სიტყვით,

განფენილი ხარ უსასრულოდ ახალი სივრცით,

შენ ხარ სინათლე, საიდანაც შუქი იღვრება,

შენზე ამბობენ: იყო, არის, მარად იქნება!

არსთა ჯაჭვისა საუკუნოდ ხარ დამტეველი,

მას ხომ შენითვე ასულდგმულებ, შენით აცოცხლებ,

საწყისს დასასრულს შეაუღლებ, არსთ გამგებელი,

სიცოცხლეს სიკვდილს უსახსოვრებ, და კაცს აცხონებ.

ვით ნაპერწკლების ცეცხლოვანი ქროლვა და ცვენა,

ეს შენგან ხდება მოელვარე მზეთა გაჩენა, 

როგორც რომ ზამთრის მზიანი დღით სუსხით ცხებულნი,

თრთვილის ნამცეცნი დაფრინავენ და თან ბზინავენ,

ხან ლივლივებენ, ხან ქრებიან, მაინც ბრწყინავენ,

ისე შენს ქვემოთ ვარსკვლავების დაკრთის კრებული.

მილიონობით ანთებულან შენით მნათობნი,

განუზომლობას რომ ერთვიან დინებით თვისით,

შენითვე შექმნეს, დაამკვიდრეს წესი, კანონი,

ცხოველმყოფელი რომ აფრქვიონ ელვარე სხივნი.

რაგინდ ცეცხლივით ანათებდეს გუნდი ლამპართა,

გროვა კრისტალთა გიზგიზებდეს მიუსაფართა,

ოქროს ტალღების მდუღარება უხვად დიოდეს,

თუნდაც ეთერი წითელ ალში გაეხვეოდეს,

მნათობ სფეროთა მთელი დასი შენს წინ ცვიოდეს -

ვით ღამე დღესთან თავსა ხრიდეს, არას სჩიოდეს.

ვით ზღვაში წვეთი, ყველა ერთად მოსჩანს სიმყარე,

ეს ყოველივე ფერმკრთალდება ხომ შენს წინაშე,

მაშინ რაღაა ეს ხილული ჩვენი სამყარო?

მაშ მე ვინღა ვარ, მე, რომელიც ვარ შენს წინაშე?

ჰაერის ვრცელი ოკეანე სფეროთ სიმრავლით,

თვისი დინებით, სამყაროთა მთელი სიმძლავრით,

მილიონობით სხვა სფეროზე თუკი გამრავლდა,

მაინც გავბედავ, შენ შეგადრი, შენ ერთს, მეტწილად,

შენს წინ დარჩება ყოველივე მომცრო წერტილად,

მე კი ვიქნები შენს წინაშე მხოლოდ - არარა. 

მე არარა ვარ! - მაგრამ შენ ხომ ჩემში ელვარებ,

შენი სიკეთის სიდიადით ჩემს ყოფნას ერთვი,

ჩემში ასახავ იმას, რაც ხარ, რითიც მღელვარებ,

ვითარცა მზე რომ ჩაიღვრება წყლის წვეთში ერთში.

მე არარა ვარ! - თუმც სიცოცხლეს ვგრძნობ და განვიცდი,

მსურს ყოველივე შევიმეცნო, ვჩქარობ, არ ვიცდი,

შენ ერთს გსასოებ, ოდეს ვფიქრობ, ოდეს ვაზროვნებ,

მინდა ბევრს ჩავწვდე, ბევრი ვიგრძნო, თუკი მადროვებ,

მეოცნებე ვარ, ცისკენ ვილტვი, მაღლა დავფრინავ,

და თუ ვარსებობ მე ამ ქვეყნად - შენც ხარ ნამდვილად! 

შენ რომ ქვეყნად ხარ - ამას მოწმობს ძალა ბუნების,

გულიც იდუმალ ჩამჩურჩულებს ამას მარადჟამს,

გონიც იგივეს მეუბნება, კვლავ დარწმუნებით:

და რადგან შენ ხარ - მე აღარ ვარ უკვე არარა!

მთელი სამყაროს, ვგონებ, რომ ვარ, მე ის ნაწილი,

ვის საპატიო უფრო მეტად ერგო ადგილი,

სადაც ბუნების შუაგულში, ცოცხალ სხეულთა

ქმნა დაასრულე და ქმნა იწყე სულთა ციურთა,

ვისკენ მარადის მივისწრაფვით, გულით შევხარით,

და მერე არსთა მძლავრი ჯაჭვი ჩემით შეკარი.

რომ ვარ კავშირი სამყაროთა, თავადვე ვასკვნი,

ნივთიერებით - უმაღლესი, ყველა პირობით,

ქვეყნად სიცოცხლის უმთავრესი მაქვს შნო და მადლი,

თვით დასაბამი თვისება ვარ ღვთაებრიობის.

სხეულით ჩემით, ვიცი, ნეშტად გარდავიქმნები,

ჩემი გონებით - მბრძანებელი მუდამ ვიქნები,

მეფე ვარ! მონა! მატლიცა ვარ! ვარ თავად ღმერთი!

ამ ქვეყნად მოსვლით საოცარი ვარ რამ არსება,

არც წარმოშობა ვიცი ჩემი, არც დაარსება,

ვიცი, ვერასდროს ვიქნებოდი მე ჩემად ერთი.

შენით შექმნილი ქმნილება ვარ, მე, შემომქმედო!

ვიცი, მოკვდავი არსება ვარ შენივ სიბრძნისა,

წყაროვ სიცოცხლის და სიკეთის, მსურს შემოგბედო,

თავად უფალი და სული ხარ ჩემი სულისა!

ვხედავ, დასჭირდა უეჭველად ეს შენს სიმართლეს,

ჩემი უკვდავი არსებობა კარზე მიადგეს

სიკვდილის ქვესკნელს, სულმა იცვას მკვდრეთის სამოსი,

თუმცა შენი ხმა მომიხმობდეს, სიკვდილგამოვლილს,

ამ გზით დავბრუნდე სამუდამოდ, ნათელის მფენო,

შენს უკვდავებას შევუერთდე, მამაო ჩვენო!

ენით უთქმელო, სამუდამოდ მიუწვდომელო!

მწამს, უძლურია წარმოსახვა ჩემი სულისა,

მოგიახლოვდეს თვისი ხედვით, რათა აგღწეროს,

ან მონახაზი გააკეთოს შენი ჩრდილისა,

თუ მაინც უნდა სიტყვით გაქო და განგადიდო,

მოკვდავთ სახელით ამას გეტყვი, და გთხოვ, გამიგო,

რაგინდ ინდომონ შენს პატივში დღენი გალიონ,

მხოლოდ ეს ძალუძთ - შენსკენ სწრაფვით არ დაიღალონ,

უსაზღვრობაში სხვაობათა, დე, ჩაიკარგონ,

მაგრამ, ცრემლები მადლიერი მარად აფრქვიონ.

- - -

თარგმანი ინესა მერაბიშვილისა

თბილისი, 14 აპრილი, 2012 წელი

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced