სიახლეები
ილია მეორე - ადამიანებმა ერთმანეთის სულიერი თუ მატერიალური ტვირთი უნდა იტვირთონ
01/07/2012
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ადამიანებს ერთმანეთის გვერდით დგომისა და ცოდვების შემსუბუქებისკენ მოუწოდებს.
როგორც პატრიარქმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, ადამიანებმა ერთმანეთის სულიერი თუ მატერიალური ტვირთი უნდა იტვირთონ. უწმინდესმა ახალგაზრდობის წლები და მისი მოძღვარი, შიო ძიძავა გაიხსენა. მისი თქმით, როდესაც მისი მოძღვარი ხედავდა, რომ ცოდვისგან შეწუხებული იყო, ეუბნებოდა, რომ არ განეცადა, რათა მსგავსი ცოდვა თავადაც მოსვლია.
"შეიძლება მას არც ჰქონოდა ასეთი ცოდვა, მაგრამ იმდენად ლმობიერი და კეთილშობილი იყო ის, რომ ამშვიდებდა ადამიანს", – ბრძანა ილია მეორემ და საზოგადოებას ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვისკენ მოუწოდა. "დღევანდელ დღეს ჩვენ დავარქვით თანადგომის დღე. ყოველი ადამიანი გვერდით უნდა დაუდგეს მეგობარს, ნაცნობს თუ უცნობს, რომ გაუადვილოთ მას მისი სიცოცხლე", – აღნიშნა პატრიარქმა.
უწმინდესმა მოიყვანა მაგალითი ბერისა, რომელიც ცდუნდა ქალიშვილთან, შემდეგ კი მოკლა. მისი თქმით, ეს შეწუხებული და განცდებში მყოფი ბერი სხვა ბერმა ნახა, უთხრა, რომ მასაც ჰქონდა მსგავსი ცოდვა ჩადენილი და მასთან დარჩენა სთხოვა. მრავალი წლის მორჩილების შემდეგ კი, გადარჩენილი ბერი ისევ სალოცავად გაუშვა.
პატრიარქმა ხალხს მადლი უსურვა, რომელიც გარდაქმნის ადამიანებს. მისი თქმით, მრავალი განსაცდელია დედამიწაზე, მრავალი ცოდვა, მრავალი სიკეთე და ბოროტება. "მინდა გვახსოვდეს, რომ ადამიანის ცხოვრება არის სწრაფვა უფლისაკენ – ვერტიკალი და ჰორიზონტალი – სწრაფვა ადამიანისაკენ. ადამიანის გაჭირვება უნდა დავინახოთ, უნდა ვუთანაგრძნოთ, რაც არ უნდა მძიმე ცოდვა იყოს. თქვენ უნდა დაეხმაროთ მას და ღმერთი დაგეხმარებათ თქვენ", – განაცხადა პატრიარქმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საზოგადოებას შეახსენა, რომ კრიტიკა ხშირად განკითხვასა და ცოდვაში გადადის. როგორც ილია მეორემ დღევანდელი ქადაგებისას ბრძანა, დრონი იცვლებიან და ადამიანებიც იცვლებიან. "ჩვენ უკვე აღარ ვგავართ ჩვენს წინაპრებს, მშობლებს. ისინი უფრო მორიდებულნი და კეთილნი იყვნენ", – ბრძანა პატრიარქმა და ხაზი გაუსვა, რომ წინათ იყვნენ ბრძენი ადამიანები, რომელთაც ფილოსოფოსები ეწოდებოდათ, რა სიტყვაც სიბრძნის სიყვარულს ნიშნავს.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ ფილოსოფოსებთან ერთად იყო სხვა ჯგუფიც – კრიტიკოსები. "ფილოსოფოსები ხშირ შემთხვევაში დადიოდნენ სოფელ-სოფელ, ქადაგებდნენ, ამბობდნენ, რომ სიკეთე გაეკეთებინათ და მათ ჰყავდათ მრავალი მიმდევარი", – ბრძანა პატრიარქმა.
მისივე თქმით, ეს ფილოსოფოსები იყვნენ მოსეირნე ადამიანები და პირადად გადასცემდნენ სხვებს თავის სიბრძნეს, მეორენი კი იყვნენ კრიტიკოსები. "ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა თქვა, რომ აღარ გვყავს ფილოსოფოსები და დაგვრჩნენ მხოლოდ კრიტიკოსები. მართლაც ასეა. ადამიანმა, რომელიც აკრიტიკებს, უპირველეს ყოვლისა და თვითონ უნდა გააკეთოს უკეთესი და შემდეგ აკრიტიკოს. რას ვიზამთ, ეს ბუნებაა ჩვენი. ეს კრიტიკა ძალიან ხშირად გადადის განკითხვაში და ცოდვაში", – ბრძანა პატრიარქმა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















