Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

პატრიარქი ბაგრატის ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოების შეჩერებას ითხოვს

17/06/2012

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბაგრატის ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოებთან დაკავშირებით კრიტიკოსთა მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს იზიარებს და ამ სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვს.

როგორც უწმინდესმა დღევანდელ საკვირაო ქადაგებაში აღნიშნა, ბევრი რამ არასწორად კეთდება და ეს ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ რესტავრაცია თვითნებურად და საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად მიმდინარეობს.

"ამიტომ გავეცი ბრძანება, დროებით შეწყდეს სარესტავრაციო საქმიანობა ბაგრატის ტაძარში, ვიდრე არ გავერკვევით დეტალურად, რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა გაკეთდეს. ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ისტორიული და კულტურული ძეგლია და მას ასე უბრალოდ ხელი არ უნდა მოვკიდოთ", - აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, საპატრიარქო გამართავს შეხვედრებს "იუნესკოს" წარმომადგენლებთან, ასევე, იმ მშენებლებთან, რომლებიც სარესტავრაციო სამუშაოებს აწარმოებდნენ და ამ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს საპატრიარქოსთან არსებული სპეციალური კომისიაც.

"ეს უნდა იცოდეს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემაც და ბაგრატის ტაძარში უნდა შეწყდეს სარესტავრაციო სამუშაოები, ვიდრე არ იქნება გარკვეული ყოველი დეტალი. არ უნდა მოხდეს ისე, რომ ბაგრატის ტაძარი "იუნესკოს" ყურადღებიდან იქნას ამოღებული. იმედია, ყველაფერი კარგად დამთავრდება და ჩვენ მივიღებთ ისეთ ტაძარს, როგორიც ჩვენთვისაა საჭირო. "ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია", სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე და მადლობა უფალს ამ დიდი წყალობისთვის", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა ასევე განმარტა, რომ ტაძრები არსებობს წირვა-ლოცვისთვის და არა მარტო იმისთვის, რომ ისინი ისტორიული და კულტურული ძეგლი იყოს. "ტაძარში წირვა-ლოცვისას ადამიანები სულიერად უნდა აღიზარდონ. ამას მხარს ვუჭერდით ყოველთვის, მაგრამ ბოლო დროს გავრცელდა ხმა, რომ ბაგრატის ტაძარში ბევრი რამ გაკეთდა ისე, რაც მის ფასეულობას აზიანებს. ბაგრატის ტაძართან დაკავშირებულ საკითხებზე ჩემი საფრანგეთში ვიზიტისას "იუნესკოს" პრეზიდენტთან შეხვედრაზეც ვიმსჯელეთ", - აღნიშნა უწმინდესმა.

ილია მეორემ სკოლებში მანდატურების ინსტიტუტის შესახებაც ისაუბრა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აზრით, სკოლებში მანდატურების ინსტიტუტის საკითხი შესასწავლია. როგორც უწმინდესმა დღევანდელ საკვირაო ქადაგებაში ბრძანა, ბავშვების აღზრდაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მშობლებს, ეკლესიასა და სკოლას ეკისრება და მათ ახალი თაობის სიყვარულით აღზრდაზე უნდა იზრუნონ.

"ჩვენ კი ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. ზედამხედველებად ე.წ მანდატურები დავუნიშნეთ. ისინი კი არ ზრდიან ბავშვებს, აქცევენ მათ ენის მიმტანებად თავიანთ მასწავლებლებსა და მეგობრებზე. ამიტომ ეს საკითხი შესასწავლია. შიშით ვერ გავზრდით შვილებს, მხოლოდ სიყვარულით და კეთილი სიტყვით უნდა აღვზარდოთ ისინი. მადლობა ღმერთს, რომ ვცხოვრობთ დროში, როდესაც გვაქვს ორი სასულიერო აკადემია და ათობით სასულიერო სასწავლებელი. მადლობა უფალს ამ დიდი წყალობისთვის", - ბრძანა უწმინდესმა და დასძინა, რომ წინა პატრიარქების დროს ამგვარი რამ წარმოუდგენელი იყო.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბოლო პერიოდში გახშირებულ მკვლელობებს სულიერების განვითარების დაბალ დონეს უკავშირებს. როგორც უწმინდესმა დღევანდელ საკვირაო ქადაგებაში ბრძანა, ხშირია შემთხვევები, როდესაც საინფორმაციო საშუალებებით ხშირად გადაიცემა ცნობები მკვლელობების შესახებ.

"თითქმის ყოველდღე ვიგებთ, რომ ახალგაზრდამ მოკლა მეგობარი ან ოჯახის ერთმა წევრმა – მეორე. ეს მეტყველებს იმაზე, რომ სულიერების განვითარებაში ჯერ ისევ დაბალ დონეზე ვართ", - აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქმა ასევე საკუთარი თავის შეცნობის სირთულეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანის ცხოვრება დიდი ბრძოლაა, რომელშიც მწუხარება და სიხარული ერთმანეთს ცვლის. "განსაცდელი ჩვენი აუცილებელი თანამგზავრია. მწუხარება მოდის ჩვენთან, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში არ რჩება, მას აუცილებლად სიხარული ცვლის", - აღნიშნა უწმინდესმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ყოველი წლის ივნისის ბოლო კვირა ახალგაზრდობის დღესასწაულად გამოაცხადა.

როგორც უწმინდესმა დღევანდელ საკვირაო ქადაგებაში ბრძანა, ინიციატივა "შესანიშნავ ახალგაზრდულ მოძრაობა "დავითიანს" ეკუთვნის". "ეს იქნება შემდეგი კვირა. დღევანდელი დღის სწორზე აღინიშნება ახალგაზრდობის დღესასწაული", - აღნიშნა უწმინდესმა.

ქადაგების შემდეგ პატრიარქმა დალოცა პროექტის - “ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული” მონაწილე ბავშვები და ასევე ის აბიტურიენტები, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებისთვის ემზადებიან. ილია მეორემ დალოცა ანსამბლი "მოძახილიც", რომელსაც 10 წელი შეუსრულდა. ქადაგების დასასრულს კი, ილია მეორემ ტრადიციულად რამდენიმე სასულიერო პირიც დააჯილდოვა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced