სიახლეები
წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ პოვნის დღე
07/06/2012
წმ. იოანე ნათლისმცემელი ის გამორჩეულად საყვარელი წმინდანია, რომელთანაც მრავალი დღესასწაულია დაკავშირებული. 7 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმ იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ პოვნის დღეს ზეიმობს. ამ დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა წმ იოანე ნათლისმცემლის სახელობის დედათა მონასტერში აღევლინა.
წმ იოანე ნათლისმცემელი უდიდესი წინასწარმეტყველი და უფლის წინამორბედი იყო, რომელმაც მაცხოვარს სამოღვაწეო ასპარეზი განუმზადა. ამას თვით იესო ქრისტე აღნიშნავდა. წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა იოანე ნათლისმცემელს თავი მეფე ჰეროდემ მოჰკვეთა. უფლის ნათლობის შემდეგ გალილეის მმართველმა ჰეროდემ იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში ჩააგდო, რადგან წმინდანი მას უსჯულოებაში ამხელდა: ჰეროდემ მიატოვა მეუღლე - არაბეთის მეფის ასული და თავისი ძმის, ფილიპეს ცოლი - ჰეროდიადა შეირთო. ერთხელ, თავის დაბადების დღეზე, ჰეროდემ ნადიმი გამართა და ახლობელ-მეგობრები მოიწვია. ჰეროდიადას ასული სალომეა სტუმრების გასართობად როკავდა, რითაც დიდად აამა ჰეროდეს. მოხიბლულმა მმართველმა ქალს ფიცით აღუთქვა, რომ ყველაფერს მისცემდა, რასაც ითხოვდა, თუნდაც ნახევარი სამეფო ყოფილიყო. სალომეა დედას წინასწარ ჰყავდა გაფრთხილებული, რომ ჰეროდესგან იოანე ნათლისმცემლის თავი მოეთხოვა. ჰეროდე დიდად დამწუხრდა, ეშინოდა, რომ წინასწარმეტყველის მოკვლისთვის ღვთისგან ძალიან დაისჯებოდა, ეშინოდა ხალხისაც, რომელსაც იოანე ძალიან უყვარდა, მაგრამ არ ისურვა დაერღვია სტუმრების წინაშე დაუფიქრებლად დადებული ფიცი და ბრძანა, ნათლისმცემლის მოკვეთილი თავი სალომეასთვის მიერთმიათ. წმინდანის მოკვეთილი თავი სალომეას მიართვეს. გადმოცემით, მოკვეთილმა თავმა ბაგეები გახსნა და კიდევ ერთხელ ამხილა ჰეროდე: არ უნდა გყავდეს ცოლად შენი ძმის ცოლიო. სალომეამ ლანგარი დედას მიუტანა. გახელებულმა ჰეროდეადამ იოანეს ენა ნემსით დაუჩხვლიტა და თავი უწმინდურ ადგილას დაფლა. მაგრამ ჰეროდეს ეზოს მოძღვრის, ქოზას კეთილმსახურმა ცოლმა იოანამ თავი ამოთხარა, თიხის ჭურჭელში ჩაასვენა და ელონის მთაზე დაკრძალა. იოანე ნათლისმცემლის წმინდა გვამი კი მისმა მოწაფეებმა სებასტიაში მიაბარეს მიწას.
მრავალი წლის შემდეგ ეს ადგილ-მამული კეთილმსახური დიდებულის, ინოკენტის მფლობელობაში გადავიდა, რომელმაც აქ ტაძრის აშენება გადაწყვიტა. ტაძრის საძირკვლის თხრის დროს აღმოჩენილ იქნა ჭურჭელი უფლის წინამორბედის თავით. ეს იყო წმ იოანე ნათლისმცემლის თავის პირველი პოვნა.
ინოკენტი კრძალვით ინახავდა სიწმინდეს. შემდგომში წმ იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავი მემკვიდრეობით გადაეცემოდა ღვთის მოშიშ ქრისტიანებს მანამ, სანამ მისი მფლობელი არ გახდა ერეტიკოსი მღვდელმთავარი ევსტათი. იგი პატიოსანი თავის სიწმიდის ძალით კურნავდა სნეულებს, შემდეგ კი აღსრულებულ სასწაულებს ერესის მადლს მიაწერდა. როცა ევსტათის ბოროტმოქმედება გაცხადდა, ის იძულებული გახდა, გაქცეულიყო, სიწმიდე კი ემესის მახლობელ მღვიმეში დამალა იმ იმედით, რომ დაბრუნდებოდა და კვლავ ხელში ჩაიგდებდა მას. ღმერთმა ეს არ დაუშვა: გამოქვაბულში დამკვიდრნენ კეთილმსახური ბერები, შემდეგ კი აქ მონასტერიც დაარსდა.
452 წელს, სავანის არქიმანდრიტს იოანე ნათლისმცემელმა თავისი წმიდა თავის ადგილსამყოფელი აუწყა. ეს მოვლენა სიწმიდის მეორედ პოვნის სახელით იდღესასწაულება.
ნათლისმცემლის პატიოსანი თავი ჯერ ემესაში გადაასვენეს, შემდეგ კი – კონსტანტინეპოლში. როცა წმიდა იოანე ოქროპირი გადაასახლეს, კონსტანტინეპოლში შფოთი ატყდა. ამასთან დაკავშირებით წმიდა იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავი ემესაში გადააბრძანეს, აქედან კი სარკინოზთა თავდასხმების დროს კომანში ჩამოასვენეს. ხატმბრძოლთა ერესის მძვინვარების ჟამს სიწმიდე მიწაში ჩაფლეს. ხატთაყვანისცემის აღდგენის შემდეგ პატრიარქ ეგნატეს უფლისგან წმიდა იოანეს პატიოსანი თავის ადგილსამყოფელი ეუწყა. მწყემსმთავარმა კი ამის შესახებ იმპერატორს ამცნო. მან კომანში გააგზავნა ელჩები, რომლებსაც სიწმიდე პატრიარქის მიერ მითითებულ ადგილას დახვდა. ეს მოხდა 850 წელს. მოგვიანებით ნათლისმცემლის თავი კვლავ კონსტანტინეპოლში გადაასვენეს და საიმპერატორო სასახლის კარის ეკლესიაში დააბრძანეს. მისი ნაწილი კი წმიდა ათონის მთაზე ინახება.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















