Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება შენდობის დღეს (10.03.2019)

12/03/2019

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ!

ჩვენ დღეს ვდგავართ წინაშე ღვთისა განშიშვლებულნი ცოდვებითა, უსჯულოებითა, ბოროტი სიტყვიერებითა და ვთხოვთ უფალს შენდობას შეცოდებათა ჩვენთა.

არა არს კაცი, რომელიც ცოცხლობდეს, ცხონდეს და არა სცოდოს. შენ მხოლო ხარ უცოდველი, უფალო, შენი ვარ, მაცხოვნე მე.

დღეს ღრმად უნდა ჩავხედოთ ჩვენს გულს, ჩვენს გონებას, ჩვენს სულს და დავინახოთ, ვინ ვართ ჩვენ.

ადამიანმა უნდა დაინახოს თავისი ცოდვა. ,,ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაჲ თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა.” უფალი უხილავად დგას დღეს წინაშე ჩვენსა და ისმენს ჩვენს აღსარებას.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალმა, რომელმაც შექმნა ადამიანი, ის გვაძლევს მადლსა და ძალასა, რათა ვებრძოლოთ ცოდვას.

მე ცოდვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ორმოცი წლის მანძილზე ვარ სულიერი მწყემსი ქართველი ერისა. მე ბევრი რამ შემშლია, ბევრი ცოდვა ჩამიდენია და ამ წმინდა დღეს, შენდობის დღეს, მე ვთხოვ ჩვენს ერს და სრულიად საქართველოს შენდობას და მოტევებას ცოდვათა ჩემთა.

მე მივმართავ ყოველ თქვენგანს, დაინახეთ ცოდვები თქვენი, სთხოვეთ უფალს შენდობა. შენდობას აძლევს უფალი მხოლოდ იმ ადამიანს, რომელიც განიცდის თავის ცოდვას.

განსაკუთრებით მე მივმართავ ახალგაზრდობას: ნუ გაიმეტებთ თქვენს მეგობრებს, ნუ შეურაცხყოფთ ამხანაგებს. აპატიეთ შეცოდებანი მათნი.

უფალო ძალთაო, ჩვენთანა იყავ, უფალო ძალთაო შეგვიწყალენ ჩვენ.

ღმერთო წმინდაო, მამაო, ძეო და სულო წმინდაო, ხსნილ ჰყავ ცოდვებისაგან სრულიად საქართველო და მე ცოდვილი.

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ!

აქ არიან მობრძანებულნი სტუდენტები როგორც თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, ასევე სტუდენტები ქუთაისიდან, სამცხე-ჯავახეთიდან და გორიდან; ღმერთმა დალოცოს და გაახაროს ისინი.

ჩვენ გვაქვს გაკეთებული ამონარიდი დავით აღმაშენებლის სინანულის საგალობლებიდან. მეუფე დანიელი წაიკითხავს ამას და თითოეულმა განვიცადოთ ეს სიტყვები, როგორც საკუთარი.

რომლისაცა წინაშე

ქედ-დადრეკილ არს ყოველი,

მუჴლი ყოველი მოდრკების და ენაჲ ყოველი

შენსა

ჴმობს აღსარებასა,

მეცა, სიტყუაო,

აღმსარებელსა მომხედენ!

ამისთჳს იყო ქალწული

და ჴორც-ქმნაჲ სიტყჳსაჲ, რაჲთა

დედობრივთა ოხათა მიერ

ცხოვნდნენ ცოდვილნი,

რომელთა პირველი,

საშუალი და დასასრული,

მე ვარ, ვითარცა უფსკრული,

შესაკრებელი ბილწებისა ღუართაჲ!

და აწ, მომდრეკელი მუჴლთა გულისათაჲ

ვჴმობ, ვითარცა სხუაჲ მანასე,

მილხინე, ჵ მეუფეო, მილხინე

და ნუ წარმწყმედ ცოდვათა შინა,

და ნუ იჴსენებ ძჳრთა ჩემთა,

და ნუ დამსჯი მე ქუესკნელთა თანა,

რამეთუ შენ ხარ ღმერთი მონანულთაჲ,

ამაღლებული ზესკნელს ცათა ძალთაგან!

ჟამი რაჲ წულილთა და ჴმელთა აღმოფშჳნვათაჲ წარმოდგეს,

ზარი მეფობისაჲ წარჴდეს და დიდებაჲ დაშრტეს,

შუებაჲ უქმ იქმნნენ,

ყუავილოვნებაჲ დაჭნეს,

სხუამან მიიღოს სკიპტრაჲ,

სხუასა შეუდგენ სპანი,

მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო!

გან-რაჲ-ეღოს წიგნი დღესა შინა სასჯელისასა

და მე ქედ-დადრეკილი წარმოგიდგე განკითხვად,

მსაჯული მართლ სჯიდე,

მსახურთა რისხვაჲ ქროდის,

მართალნი ნეტარებდენ,

ცოდვილთა ჰგუემდეს ცეცხლი,

მაშინ შემიწყალე, იესუ ჩემო!

არაჲ უხილავს მზესა ქალწული დედაჲ თჳნიერ შენსა,

არცა ჩემოდენ ბრალეულსა – ნათელი მისი,

გარნა მე შენითა

ოხითა, დედოფალო,

ვესავ ხილვად ნათელსა

ძისა შენისასა

და ნათელსა ზეშთა საუკუნეთასა!

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced