Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ

27/11/2019

ა.წ. 25 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ჩვენს ქვეყანაში აკრედიტირებული ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიღო.

ელჩებმა მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადეს მის უწმინდესობას და აღნიშნეს, რომ დიდია ეკლესიის და პირადად მისი უწმინდესობის როლი საქართველოს განვითარებაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ელჩებს ვიზიტისთვის და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ბრძანა:

,,ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა მრავალი პრობლემა არის სახელმწიფოებში და მათ ურთიერთობებში. მოგეხსენებათ, არაერთი პრობლემა აქვს საქართველოსაც. უპირველეს ყოვლისა კი ის, რომ ტერიტორიული მთლიანობაა დარღვეული. 20 % – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ჯერჯერობით არ არის ჩვენი კონტროლის ქვეშ. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და აფხაზეთიდან ამირჩიეს საქართველოს პატრიარქად 42 წლის წინ, ბუნებრივია, ეს მხარე მეტად მტკივნეულია ჩემთვის.

სამწუხარო ფაქტია ისიც, რომ არ არის ურთიერთგაგება მთავრობასა და ოპოზიციას შორის. უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა ვისწავლოთ მოსმენა ერთმანეთისა. მოსმენით და ურთიერთგაგებით ჩვენ მივაღწევთ იმას, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას.

მე მადლობელი ვარ და საქართველო მადლობელია თქვენი დახმარებისა, თქვენი თანადგომისა.’’

ელჩებმა აღნიშნეს, რომ საქართველო ისტორიულად ტოლერანტული ქვეყანაა და მართლმადიდებელი ეკლესია და პირადად კათოლიკოს-პატრიარქი თავისი მოღვაწეობით ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას, შემწყნარებლობის განმტკიცებას და სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების მშვიდობიან თანაცხოვრებას.

წმინდა საყდრის (ვატიკანის) დესპანმა ხოსე აველინო ბეტენკურმა, რომელიც ელჩთა კორპუსს ხელმძღვანელობდა, მის უწმინდესობას შემდეგი სიტყვით მიმართა:

,,გასულ შაბათს საქართველომ იზეიმა მისი მფარველის, წმ. გიორგის დღესასწაული.

უკვე 42 წელია, რაც თქვენი უწმინდესობა, როგორც მოციქულთა მემკვიდრე, ემსახურება ძვირფას ქართველ ხალხს. თქვენ ხართ გამორჩეული საზოგადო მოღვაწე, მსოფლიოს რელიგიური წინამძღოლი, ქართველებისა და საქართველოს გარეთ მცხოვრებთა სათაყვანო პიროვნება.

თქვენ თქვენს მაღალ მსახურებას დაუწესეთ მაღალი კულტურული სტანდარტი, როგორც მუსიკოსმა და კომპოზიტორმა, მხატვარმა და ხელოვანმა, თეოლოგმა და ავტორმა. თქვენი ქმნილებების მეშვეობით თქვენ კაცობრიობის მზერა მიაპყარით მაღალი ღვთაებრივი სფეროებისკენ.

1991 წელს, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მიღებამდე დიდი ხნით ადრე, თქვენ წარმოადგინეთ საქართველოს ეკლესია და ქართველი ხალხი მის საზღვრებს გარეთ. თქვენ ქარტეხილებით სავსე ეპოქა გამოიარეთ, მასპინძლობდით მსოფლიოში ცნობილ პიროვნებებს და იდექით უბრალო ხალხის გვერდზე მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამიტომაცაა უამრავი ადამიანი თქვენით აღფრთოვანებული. ამიტომაც გიწოდათ ,,ღვთის კაცი“ პაპმა ფრანცისკემ, რომელსაც წარმოვადგენ თქვენს ქვეყანაში, რაც ჩემთვის უდიდესი პატივია.

ჩემს კოლეგებსა და მეც არაერთხელ გამოგვიხატავს თქვენთვის ჩვენი მოწიწება და გადმოგვიცია თქვენთვის პატივისცემის გამოხატულებანი საზღვარგარეთიდან. დღეს გვსურს კვლავ გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა თქვენდამი და თქვენი მაღალი მსახურებისადმი.

,,წმ. გიორგის დღეებში“ ეს მაღალი საკრებულო კეთილდღეობასა და მშვიდობას უსურვებს თქვენს უწმინდესობას და უნეტარესობას და მთელ ძვირფას ქართველ ხალხს.“

შეხვედრაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ ისრაელის, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, საბერძნეთის, თურქეთის, უკრაინის, პოლონეთის და სხვა ქვეყნების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები.

,,თქვენო უწმინდესობავ, თქვენი მესიჯი ძალიან მნიშვნელოვანია ამ რთული პერიოდისთვის. გეთანხმებით, რომ დაძაბული დროა, ამიტომ როგორც თქვენ ბრძანეთ, ჩვენ ერთმანეთს უნდა მოვუსმინოთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შეხვედრისთვის და გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდ წარმატებებს.“ – განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა, ბ-ნმა ჯასთინ მაქენზი სმითმა.

,,თქვენო უწმინდესობავ, ჩემთვის დიდი პატივია, რომ შეგხვდით და გვსურს მადლობა გადაგიხადოთ ისრაელის სახელმწიფოს სახელით. ჩვენს ერებს შორის ურთიერთობა ყოველდღე ღრმავდება. ებრაელი ერის სახელით მადლობას გიხდით რომ 2600 წლის მანძილზე საქართველომ შეიფარა ებრაელები. დავლოცავ საქართველოს, ისრაელს და მთელს მსოფლიოს. მშვიდობა ყოფილიყოს და საქართველო გაერთიანებულიყოს,“ – ბრძანა ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბ-ნმა შაბთაი ცურიმ.

,,მინდა მადლობა გადაგიხადოთ შეხვედრისთვის რომ მომეცა საშუალება კიდევ ერთელ მოვისმინო თქვენი სიბრძნე. როგორც ერთადერთი ნატოს წევრი ქვეყანა, რომელსაც სახმელეთო საზღვარი აქვს საქართველოსთან, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ხაზგასმით აღვნიშნავ ასევე  თქვენს პირად უზარმაზარ წვლილს  თურქ და ქართველ ხალხს შორის დამყარებულ ურთიერთობებში. განსაკუთრებით მადლობელი ვარ, რომ ქართული წარმოშობის თურქეთის მოქალაქეებს იწვევდით და იწვევთ საქართველოში რათა გაეცნონ კულტურულ მემკვიდრეობას, ეს ძალიან დიდი კავშირია ჩვენ ქვეყნებს შორის. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ 20 წლის განმავლობაში ჩვენს შორის გაჩენილი ასეთი სტაბილური ურთიერთობა და თანამშრომლობა ძალიან აღიზიანებთ ჩვენს არაკეთილისმსურველებს. სერიოზული პროპაგანდა მუშაობს ჩვენი მეგობრობის წინააღმდეგ. თქვენო უწმინდესობავ,  მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემი ქვეყნის მთავრობა და მე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წინ აღვუდგეთ ამ პროპაგანდას. ეს პროპაგანდა ცდილობს შუღლი გააღვივოს მრავალეროვან და მულტირელიგიურ საქართველოში. ჩემს კოლეგებს მინდა შევუერთდე სურვილებში და გისურვოთ ჯანმრთელობა.“ – აღნიშნა თურქეთის ელჩმა, ქ-ნმა ფატმა სერენ იაზგანმა.

,,დიდი მადლობა შეხვედრისთვის, პოლონეთის სახელით მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ თანამშრომლობისთვის. თქვენი თანამშრომლობა პოლონეთის ქრისტიანულ კულტურასთან ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენი სახელი ბევრმა იცის პოლონეთში. მოხარული ვარ რომ თქვენთან გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას.“ – განაცხადა პოლონეთის ელჩმა, ბ-ნმა მარიუშ მაშკიევიჩმა.

,,მოხარული ვარ, რომ დღეს გხვდებით. თითოეული ჩვენგანისთვის დიდი პატივია, რომ წარმოვადგენთ ჩვენს ქვეყნებს ამ არაჩვეულებრივ ქვეყანაში. მე მინდა ჩემს კოლეგებს და მეგობრებს შევუერთდე და განვაცხადო, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. სამწუხაროდ, მრავალი ადამიანია საქართველოში ამ სასტიკი კონფლიქტის მსხვერპლი. მე მინდა ვუსურვო საქართველოს მშვიდობა და დემოკრატიული განვითარება. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენ და სინოდის წევრებს ჩვენთან თანამშრომლობისთვის და გთხოვთ თქვენს ლოცვებში მოგვიხსენიოთ. – ბრძანა გერმანიის ელჩმა ბ-ნმა ჰუბერტ კნირშიმ.

,,თქვენო უწმინდესობავ, 42 წლის წინ  თქვენ მიიღეთ მწყემსთავრის კვერთხი, რომლითაც დღემდე უძღვებით თქვენს ქვეყანას. თქვენ ღვთისგან დაგევალათ, რომ წაძღოლოდით საქართველოს მოსახლეობას როგორც მწყემსი კეთილი და თქვენი მორალური ავტორიტეტით დაამსხვრიეთ ბოროტების ჭურჭელი, რაც საფრთხეს უქმნიდა თქვენს ერს. ნება მიბოძეთ  გისურვოთ ხანგრძლივი სიცოცხლე.“ – საბერძნეთის ელჩი, ბ-ნი დიმიტრიუს კარაბალისი.

,,თქვენო უწმინდესობავ, დიდ მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ რომ მოგვეცა თქვენთან შეხვედრის საშუალება.  იტალია, როგორც ერთერთი დამფუძნებული ევროკავშირისა და საქართველოს დიდი ხნის მეგობარი  ქვეყანა, მხარს უჭერს საქართველოს და მომავალშიც დავუჭერთ. თქვენ ღვთის კაცი და სულიერი ლიდერი ბრძანდებით და როცა საუბრობთ, შეგვახსენებთ, რომ პოლიტიკის უკან არიან უბრალო ადამიანები, რომლებიც იტანჯებიან. თქვენ, როგორც სულიერმა ადამიანმა და ბრძენმა პიროვნებამ, შეგვახსენეთ, რომ ნებისმიერი პრობლემა შეიძლება მოგვარდეს დიალოგით, მოლაპარაკებებით. ჩემი მანდატი მალე იწურება და ნება მიბოძეთ გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა მოგახსენოთ ჩვენს საელჩოსა და საპატრიარქოს შორის არსებული ურთიერთობებისთვის. დიდი მადლობა.” – იტალიის ელჩი, ბ-ნი ანტონიო ბარტოლი.

თქვენო უწმინდესობავ, ძალიან შთამაგონა თქვენმა სიტყვებმა, რომ ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შეიძლება დიალოგით. და ეს იმდენად დიდი შთაგონებაა ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის, რომ ვეცდებით უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან და ყველასთან. მსურს შევუერთდე ჩემს კოლეგებს და დიდი მადლობა მოგახსენოთ დღევანდელი შეხვედრისთვის.“ –  საფრანგეთის ელჩი, ბ-ნი დიეგო კოლასი.

,,ჩვენთვის დიდი პატივია თქვენთან კიდევ ერთხელ შეხვედრა. ჩვენ ვაცნობიერებთ და ვაფასებთ იმ დიდ როლს, რაც გაკისრიათ საქართველოს წინაშე. ჩვენ ვაცნობიერებთ იმ პრობლემებს, რომლებიც ახსენეთ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ უკრაინელი ხალხი და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის ქართველი ხალხის გვერდით იქნება. მინდა წარმატება გისურვოთ თქვენ, რომ გაუძღვეთ ქართველ ხალხს უკეთესი მომავლისკენ. – უკრაინის ელჩი, ბ-ნი იგორ დოლგოვი.

                                           *             *            *               

,,მადლობას მოგახსენებთ თქვენი კეთილი სურვილებისთვის, – ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა, – საქართველო ცხოვრობს მრავალი რელიგიისა და ეროვნების გარემოცვაში. თბილისში ახლოს არის მართლმადიდებელი ეკლესია, მუსულმანური სალოცავი, ებრაული, კათოლიკური და სხვა. მე მახსენდება, ჩვენ გვესტუმრა ორი მოხუცებული აიათოლა ირანიდან და მითხრეს, როცა ხელებს აწევ სალოცავადო, ჩვენც მოგვიხსენეო. ახლა ხელებს ვწევ ღვთისადმი და ვლოცავ მსოფლიოს, რათა მშვიდობა სუფევდეს. ღმერთმა დაგლოცოთ!“

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ზოგად მდგომარეობაზე, საელჩოების როლზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მზადაა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, რისი ერთ-ერთი დასტურიცაა ჩვენი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში და ბრიუსელში. მან ასევე ისაუბრა კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე და დიპლომატებს სთხოვა დახმარება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში.

შეხვედრის დასასრულს მისი უწმინდესობის ნათლულების გუნდმა ხალხური სიმღერები და კათოლიკოს-პატრიარქის საგალობლები შეასრულა.

კათოლიკოს-პატრიარქმა ელჩებს თანადგომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced