Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


სრულიად საქართველოს-კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება მიტევების დღეს (18.02.2018)

20/02/2018

სახელითა მამისათა და ძისათა და  წმინდისასულისათა

ჩვენთან არს ღმერთი

ამ წმინდა დღეს ჩვენ ცოდვილნი და უღირსნი მონანი და მხევალნი ღვთისანი ვდგავართ წინაშე ღვთისა, ვითარცა შემცოდე ადამი.

გახსოვთ, ადამს მოესმა ხმა ღვთისა: ადამ, ადამ სად ხარ?

ადამმა უპასუხა: აქ ვარ, მაგრამ შიშველი ვარ და მრცხვენია, დაგენახო.

_ ვინ გითხრა, რომ შიშველი ხარ? ხომ არ შეჭამე აკრძალული ხილი?

და ადამი პასუხობს: შენ რომ ცოლი მომეცი, იმან მომიტანა ეს ხილი და შევჭამე.

შემდეგ მიმართა უფალმა ევას: რატომ გააკეთე ეს?

ევამ უპასუხა: შენ რომ შექმენი გველი, იმან შემაცდინაო.

და წმინდა მამები ამბობენ, რომ ადამს რომ არ ეთქვა, შენ რომ მომეცი ცოლი, მან მომიტანა და შევჭამეო, შეიძლება ღმერთს ისევ დაეტოვებინა სამოთხეში.

ცოდვა _ ეს არის საშინელი ვნება. ეს არის ის, რომელიც ღუპავს ადამიანს.  ეს არის ადამიანის სულზე აღმოცენებული ხორცმეტი, რომლისაგან უნდა განთავისუფლდეს ყოველი ადამიანი. ამიტომაა, რომ წმინდა მამა ამბობს: ,,ჰე უფალო მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა.“

როგორ უნდა განიცადოს ადამიანმა ცოდვა? უპირველეს ყოვლისა გულით და გონებით. არ შეიძლება ჩვენ ვცნობდეთ ცოდვას მხოლოდ გონებით. უპირველეს ყოვლისა, როგორც ამბობენ წმინდა მამები, ადამიანმა უნდა განიცადოს იგი დიდი გონებით. დიდი გონება კი არის გული.

დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი.

შენდობა რომ არ ყოფილიყო, პატიება რომ არ ყოფილიყო, ვერცერთი ადამიანი ვერ ცხონდებოდა დედამიწაზე. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ დაწესდა შენდობის წესი. დასაწყისი დაედო ამას ეგვიპტის უდაბნოში. დიდი მარხვის წინ მთელი ბერმონოზვნობა იკრიბებოდა მონასტერში და ერთმანეთს სთხოვდნენ პატიებას, შემდეგ წავიდოდნენ უდაბნოში და მთელი მარხვის დროს ლოცულობდნენ განდეგილად, არავინ არ ხედავდა, რა უჭირდათ და რა ულხინდათ მათ. შემდეგ ისევ იკრიბებოდნენ და ერთად ხვდებოდნენ აღდგომის დღესასწაულს.

ცოდვა ეს დიდი ვნებაა. ადამიანი ხშირად ვერ გრძნობს როგორ შემოიპარება ცოდვა ადამიანის გონებაში. მთელი პროცესია. უპირველეს ყოვლისა იგი თვალში შემოდის, თვალით ხედავს ამა თუ იმ ვნებას, თვალიდან გულში გადადის; გულში თუ შევიდა ვნება, მერე მოედება მთელს სხეულს და უკვე ძნელია მასთან განშორება.

აი, ამიტომ ყოველ ადამიანს უნდა ჰყავდეს მოძღვარი: მლოცველი არამარტო ბერმონოზვნობას, სასულიერო პირებს, არამედ ერის ადამიანებს. მონასტრებში და ტაძრებში სამღვდელოება უნდა ლოცულობდეს ყოველი ადამიანისათვის. ეს დიდი შრომაა, სულიერი დიდი შრომა, ეს არ არის, როგორც ამბობს ბიბლია, ბრძოლა ვნებებთან, ხორცთან და სისხლთან, არამედ ეს არის ბრძოლა ეშმაკთან. ეშმაკი ბრძენია და ამ სიბრძნით აღწევს თავისი ბოროტი ვნებებისა და აზრების განხორციელებას.

ძალიან ძნელია მიტევება ცოდვისა, თუ შენ არა ხარ დამნაშავე. ხშირი შემთხევაა, როცა ადამიანი სიკეთეს უკეთებს სხვას და ის კი პასუხობს ბოროტებით. რა უნდა უყო ესეთ ადამიანს, როცა ხედავ, რომ ცუდს გიკეთებს.

შენ უნდა დალოცო.

გლანძღავს?

შენ უნდა დალოცო. და ეს ყველაფერი შენ მოგიბრუნდება სიკეთით. აი ამიტომ დიდი სიბრძნე თქვენც უნდა გამოიჩინოთ, რომ სიკეთე და სიწმინდე დაგიბრუნდეთ.

დიდი მარხვა არის შესანიშნავი საშუალება მადლის მოსაპოვებლად. მე მახსენდება ჩვენი დედები, მცხეთის სამთვაროს მონასტრის დედები, ძველი დედები, როგორ მოღვაწეობდნენ. მაგ. დედა სიდონია; მას სპეციალური პატარა კელია ჰქონდა, ფიცრებისგან გაკეთებული ტახტი და დღე და ღამე იქ მოღვაწეობდა, წამოწვებოდა და თავით ბალიშის მაგივრად დადებული ჰქონდა ქვა, რომ ძილი ხანმოკლე ჰქონოდა.

უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ II  გვიამბობდა, რომ როცა ვიყავი სვეტიცხოვლის წინამძღარიო, ლოცვის დროს ვიღაცას შემოჰქონდა მაწონიო და არვიცოდით ვის მოჰქონდაო. კმევის დროს გამოვედი გარეთ და ვხედავ, ერთ ერთი მონაზონი სდგამს ამ მაწონს ფანჯარაში. იმ დროს, როცა თვითონაც არაფერი ჰქონდაო, _ ასე მოღვაწეობდნენ და დღესაც მოღვაწეობენ სულიერი ადამიანები.

ღმერთმა მოგცეთ ძალა და მადლი. ღმერთმა მოგცეთ განცდა თვისთა ცოდვათა, ღერთმა მოგცეთ სიბრძნე.

ეხლა ვისაც შეგიძლიათ დადექით მუხლებზე და შენდობას მოგცემთ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა

ღმერთო, მამაო, ძეო ღვთისაო და სულო წმინდაო, შეუნდე ერსა ჩვენსა შეცოდებულსა.

ღმერთო, შეუნდე მთავრობასა და მხედრობასა ჩვენსა

ღმერთო, შეუნდე მღვდელმთავრებსა, სამღვდელოებასა, დიაკვნებსა, მღვდელმონოზვნებსა.

ღმერთო, შეუნდე ჩვენს ახალგაზრდობას.

ღმერთო, შეუნდე მოხუცებულთა.

ღმერთო, შეუნდე ყოველთა მკვიდრთა საქართველოისათა.

ღმერთო, შეუნდე უცხოეთში მცხოვრთა თანამემამულეთა.

ღმერთო, შემინდე მე ცოდვილსა და უღირსსა მონასა შენსა.

ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო, შემინდეთ მე ცოდვილსა ცოდვები ჩემნი.

ღმერთმა შეგინდოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და ღმერთმა სინანულის მარხვა გაგატარებინოთ და ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ.

ჩვენთან არს ღმერთი!

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced