Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Easter

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!

12/04/2015

ქრისტე აღდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!

* * *

წმიდა იოანე ოქროპირი სააღდგომოდ

რომელნი ხართ კეთილ მსახურნი და ღმრთისმოყვარენი, იშვებდით კეთილსა ამას და ბრწყინვალესა კრებასა, და რომელი არს მონაჲ კეთილგონიერი, შევედინ სიხარულით სიხარულსა, ამას უფლისა თვისისასა. რომელმაც იღვაწა მარხვითა, მიიღენ აწ ტალანტი შრომისა და ღვაწლისა, რომელმანცა იმუშაკა პირველ-ჟამითგან, მიიღენ დღეს თანამდები სიმართლისა. რომელი მესამესა ჟამსა მოვიდა, მადლობით დღესასწაულობდინ, ხოლო რომელი მეექვსესა ჟამსა მოიწია, ნუ იჭვეულობნ, რათა არა რაი დაჭირვება არს მისა. და რომელი დააკლდა ჟამსა მეცხრესა, მოვედინ ნუ რა რაის ორგულებნ, და ნუ ეშინინ, ხოლო რომელი მეათერთმეტესა ჟამსა მოიწია, ნუ შეშინდებინ დაყოვნებისათვის, რამეთუ მრავალმოწყალე არს მეუფე ჩვენი და კაცთმოყვარე. შეიწყნარებს უკანასკნელთა ვითარცა პირველთა, და განუსვენებს მეათერთმეტისა ჟამსა მოსრულთა, ვითარცა პირველისა ჟამისა მუშაკთა და უკანასკნელთა თვისცა მოწყალე არს, და შეღრთავს მათ პირველთა თანა, მათ მისცემს, და ამათ მიანიჭებს. საქმეთა მიითვალავს და განზრახვათა განიკითხავს, საქმეთა აქებს და გულსმოდგინებათა ადიდებს, და უბრძანებს შესვლად სიხარულსა უფლისა თვისისასა, რათა მდიდარნი და გლახაკნი ურთიერთას იხარებდენ, და მოღვაწენი და სულმოკლენი დღესა ამას პატივს სცემდნენ, რომელმან იმარხა და რომელმან ვერ იმარხა, ყოველნივე ერთბაშად განსცხრებოდნენ, რამეთუ დღეს ტაბლა სავსე არს, იშვებდით ყოველნი. ზვარაკი ჭამებული მზა არს, ნურავინ წარვალს მშიერი. ყოველნივე იშვებდით სერითა ამით სარწმუნოებისათა; ყოველთავე მიიღეთ სიმდიდრე სიტკბოებისა. ნუვინ ზრუნავნ სიგლახაკესა, რამეთუ გამოსჩნდა ყოველთათვის სასუფეველი. ნუვინ ჰგოდებნ ცოდვათათვის, რამეთუ შემნდობელი ჩუენი აღმობრწყინდა საფლავით. ნუვინ ჰსძრწინ და ეშინინ სიკვდილისაგან, რამეთუ განმანთავისუფლა ჩუენ სიკვდილმან მაცხოვრისამან, და დაშრიტა მათთვის, რომელნი პყრობილ იყვნეს მისგან. წარმოსტყუენა ჯოჯოხეთი, შთაჰხდა რა მას შინა. განამწარა იგი, შთასვლითა თვისითა. და ესე ისაია პირველვე ღაღადყო, ჯოჯოხეთი რა შეემთხუა იტყვის, ქვეშე შენსა განმწარდა. განმწარდა, რამეთუ განქარდა, განმწარდა, რამეთუ მოიკიცხა, განმწარდა, რამეთუ მოიკლა, განმწარდა, რამეთუ დაიმხო, განმწარდა, რამეთუ შეიკრა. მოხუნა ხორცნი და ღმერთი იხილა. შეიწყნარა ქვეყანამან, და მოეგებნეს ცანი. მიიღო ხილული და დასცა უხილავი. სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი. სადა არს ჯოჯოხეთო ძლევაჲ შენი. აღსდგა ქრისტე და დაირღვი შენ. აღსდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი; აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს, აღსდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა, აღსდგა ქრისტე მკვდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესვენებულთა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

წითელი კვერცხი

სააღდგომოდ ჩვენ ყველანი წითლად ვღებავთ კვერცხებს და ერთმანეთს ვუცვლით ამ სიტყვებით: „ქრისტე აღსდგა“. ეს ჩვეულება ძალიან ძველია. არის გადმოცემა, რომ ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში დაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა და რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი. წმიდა მარიამი რომში ჩავიდა და პირდაპირ იმპერატორის სასახლეს მიაშურა. იგი ცნობილი პიროვნება იყო და ამიტომ დაუბრკოლებლად გაატარეს სასახლეში. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: „ქრისტე აღსდგა“. იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: „როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო“. სიტყვები ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები წითელი კვერცხებით ეგებებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

საერთოდ, კვერცხი მარდიული სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება, იესო ქრისტემ კი სიცოცხლე მოგვანიჭა. წითელ ფერში სისხლი მოიაზრება, რადგან იესო ქრისტემ თავისი სისხლით სიცოცხლე განწმიდა და აკურთხა.

არტოსი

აღდგომის ერთ-ერთ ტრადიციას განეკუთვნება არტოსის კურთხევა - პატივად და დიდებად და მოსახსენებლად დიდებული აღდგომისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. „არტოსი“ ბერძნული სიტყვაა და პურს ნიშნავს.

არტოსის კურთხევის ტრადიცია მოციქულების ეპოქას უკავშირდება: უფალი იესო ქრისტე აღდგომის შემდეგ თავის მოწაფეებს  ეცხადებოდა და მათთან ერთად ტრაპეზობდა (საქმე 10, 41). მისი ზეცად ამაღლების შემდეგ მოციქულებს მარად ახსოვდათ მაცხოვრის სიტყვები: „აჰა, ესერა მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა“ (მთ. 28, 20)  და თავიანთ შეკრებებზე ცხოველი რწმენით შეიგრძნობდნენ მის სიახლოვეს. მაგრამ რამდენადაც ხორციელი თვალით არ შეეძლოთ ეხილათ უფალი, ტრაპეზისას მაგიდასთან ცარიელ ადგილს ტოვებდნენ იქ, სადაც ადრე მაცხოვარი იჯდა, ხოლო მის პირდაპირ, მაგიდის შუაგულში, დებდნენ პურის ნაწილს, რომელიც იესოსთვის იყო განკუთვნილი. აქ უხილავად სუფევდა თავად უფალი. ტრაპეზის დასასრულს მოციქულები მადლობას სწირავდნენ ღმერთს, იღებდნენ ამ პურს, აღამაღლებდნენ და ამბობდნენ: „ქრისტე აღსდგა“. როცა სახარების საქადაგებლად ისინი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გაიფანტნენ, შეძლებისდაგვარად ცდილობდნენ ამ ტრადიციის შენარჩუნებას.

ეკლესიის წმიდა მამებმა ქრისტეს აღდგომის დღესასწაულზე, მოწაფეთა შორის მისი გამოცხადებების აღსანიშნავად დაადგინეს, რომ ტაძარში პური ანუ არტოსი დაედოთ. არტოსზე გამოსახულია ან ჯვარი ეკლის გვირგვინით, ოღონდ ჯვარცმულის გარეშე - ქრისტეს მიერ სიკვდილზე გამარჯვების ნიშნად, ანდა ქრისტეს აღდგომა. ტაძრებში ეს პური მთელი ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში ღია ტრაპეზის შუაგულში ასვენია. არტოსის მომზადებით წმიდა ეკლესია მოციქულებს მიემსგავსება და ამ წმიდა პურით მოგვაგონებს, რომ მკვდრეთით აღდგომილი იესო ქრისტე გახდა ჩვენთვის ჭეშმარიტი პური ცხოვრებისა, რაც მისი კურთხევის ლოცვებშიც კარგად მოჩანს. ამ ლოცვებში მღვდელი ღვთისაგან ლოცვა-კურთხევას გამოითხოვს და შესთხოვს, რომ განკურნოს სნეულნი და ჯამნრთელობა მიანიჭოს იმათ, ვინც მას რწმენით იგემებს. არტოსის კურთხევა აღდგომის პირველ დღეს ლიტურგიის შემდეგ სრულდება, მორწმუნეებს კი იგი ბრწყინვალე შაბათს, წირვის შემდეგ ურიგდებათ. ქრისტიანები ფიზიკური თუ სულიერი უძლურების შემთხვევაში მას უზმოზე, ლოცვების წარმოთქმის შემდეგ იღებენ.

* * *

მორწმუნეები ამბობენ, ვინც აღდგომას ან ბრწყინვალე შვიდეულში გარდაიცვლება, პირდაპირ სასუფეველში ხვდება. აღდგომისას დახშულია ჯოჯოხეთის კარი, სამაგიეროდ ყველასთვის გახსნილია კარი სამოთხისა. თუ უფალი ამ დღეებში ვინმეს გარდაცვალებას ინებებს, გიხაროდეთ, რადგან მათია სასუფეველი ცათა.

აღდგომასა და ბრწყინვალე შვიდეულში ეკლესიებში აღსავლის კარი არ იკეტება, რათა ყველამ იცოდეს, რომ სასუფეველი არასდროს არ არის ასე ახლოს ჩვენთან, როგორც ამ დღეებში.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 15 (117), 2001 წ.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced